დავით უსუფაშვილი: მზად ვარ, “მშვიდობის მემორანდუმს” ხელი მოვაწერო

“მზად ვარ, მომეცით ფურცელი, დოკუმენტი, სად მოვაწერო ხელი და ვერ ვნახე ეს მემორანდუმი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ”მშვიდობის მემორანდუმის” ხელმოწერაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ საკითხზე მას მხოლოდ საუბარი ესმის და ფურცელი, რომელზეც ხელის მოწერაა საჭირო, დღემდე არ უნახავს.
”ნახეთ ეს მშვიდობის მემორანდუმი სადმე?! სადაა?! 4 დღეა ამ საკითხზე მეკითხება ყველა ჟურნალისტი, 4 დღეა ვიმეორებ – მზად ვარ, მომეცით ფურცელი, დოკუმენტი, სად მოვაწერო ხელი და ვერ ვნახე ეს მემორანდუმი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ”რესპუბლიკური პარტია” ხელს აწერს ყველა მემორანდუმს, დეკლარაციას, კონვენციას, დაფიცებას იმის თაობაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ძალადობის გარეშე. 4 დღეა ამაზე ლაპარაკია და ვერ ვნახე ტექსტი სად მოვაწერო ხელი, უკვე ეჭვი მიჩნდება, მართლა რამე მემორანდუმზე ვლაპარაკობთ თუ რამე ვირტუალურ სამყაროში ვართ. ქაღალდი მე შემიძლია გაჩვენოთ ის, რაც პარლამენტმა მიიღო ორი თვის წინ ამ თემაზე. ამიტომ მანახეთ ეს მემორანდუმი, რომ მოვაწეროთ ხელი რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ გვინდა სამართლიანი და არაძალადობრივი არჩევნები და არა 4 დღე ლაპარაკი ამაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები