ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესსექტორს სასტუმროების, მოსასვენებელი ადგილებისა და პანორამული გადასახედების მოწყობისთვის ადგილებს და შენობებს სთავაზობს

“დღეს კერძო სექტორს წარვუდგინეთ 50 იდენტიფიცირებული ქონება, სადაც შესაძლებელია სასტუმროების, მოსასვენებელი ადგილებისა და პანორამული გადასახედების მოწყობა”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს პროექტების – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა არის ქვეყნისა და მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის შეთავაზებები უფრო აქტიურს გახდის კერძო სექტორს და კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს განახოციელებენ ტურიზმის მიმართულებით.

მისი თქმით, მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე, 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლოატაციაში.

„ჩვენ საქართველოში სულ გვაქვს 1 270 განთავსების ობიექტი და შესაბამისად, აქედან 41% მხოლოდ ბოლო სამ წელში შევიდა ექსპლოატაციაში. უკვე შემდეგი ორი წლის განმავლობაში რა იდენტიფიცირებული პროექტებიც არის, ეს არის მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიციები, რომელიც ამ წუთებში შენდება. ეს არის 80-ზე მეტი განთავსების ობიექტი. საბოლოო ჯამში 10 000-ზე მეტი საწოლი ოთახი უნდა აშენდეს. დღევანდელი პროექტით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის საინვესტიციო შესაძლებლობები შევთავაზეთ კერძო სექტორს და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ქუმსიშვილმა ისტორიულ შენობებზე გაამახვილა ყურადღება.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად გადავარჩინოთ ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს. ამ წუთში აღნიშნული უძრავი ქონება ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე და იქ არის ყველა ქონება შეფასებული. შესაბამისად, საბაზრო ღირებულება ცნობილია. არის უძრავი ქონებები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიტანთ აუქციონზე და დარწმუნებული ვარ, იქნება კონკურენცია ამ მიმართულებით. არის ასევე უძრავი ქონება, მაგალითად, რამდენიმე ისტორიული შენობა, რომელსაც სიამოვნებით განვიხილავდი სიმბოლურ ფასად გადასაცემად ინვესტიციების ვალდებულებებით, რადგან შეინარჩუნონ და გადაარჩინონ ეს ისტორიული შენობები“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები