სევდია უგრეხელიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს – „მე, ყველა აქტივისტს არ ვიცნობ“

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სევდია უგრეხელიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
უგრეხელიძის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ბრალდებები, თითქოს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია. მისივე თქმით, ეს არის ”ქართული ოცნების” მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია.
”მე, რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები  შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავნდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ”ოცნების” შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” არაფერი აკავშირებდათ. რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად, არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
ცნობისთვის, ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. მისივე თქმით, შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა და ”ქართული ოცნების” წევრებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
”გუშინ გამთენიისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები