ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებას დღეს არც ერთ მედიასაშუალებაზე არ აქვს გავლენა

„ხელისუფლებას დღეს არც ერთ მედიასაშუალებაზე არ აქვს გავლენა, პროსახელისუფლებო მედიას ვერ დამისახელებთ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ექსპრემიერის თქმით, საქართველოში არსებული მედიასაშუალებები,რომლებიც არ არიან დამოუკიდებლები, “ნაციონალური მოძრაობისგან“ იმართებიან. ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ”რუსთავი 2”-ს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გულისხმობდა როგორც მას, ასევე ”ტაბულას” და სხვებს.
„დღეს საქართველოში მედია გაცილებით თავისუფალია, ვიდრე იტალიაში, უნგრეთში სამხრეთ კორეაში, იაპონიაში. შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ კიდევ ევროპის ქვეყნები. 2012 წელს 104-ე ადგილს იკავებდა მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო. ხელისუფლება დღეს არც ერთ მედიასაშუალებას არ ფლობს, პროსახელისუფლებო მედიას ვერ დამისახელებთ და მედიაზე არანაირი გავლენა არ აქვს მთავრობას. ერთადერთი მედია, რომელიც თავისუფალი არ არის, დასაკუთრებული კორპორაციული მედია, ისევ ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას“, არა მარტო “რუსთავი 2“, “ტაბულაც“ და სხვებიც არიან იქ. “ტაბულა“ შედარებით რბილია, “რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას აგრესიულად ეწევა. რა იყო მედიის მხრივ საქართველოში, ესეც გავიხსენოთ – მედია ტოტალურად იყო მთავრობის ხელში და კონტროლდებოდა , 2 ფსევდო ტელევიზია დავასახელე მაშინ და ძალიან აგრესიული განცხადებები გააკეთეს მახსოვს “კავკასიამაც“ და “მაესტრომაც“. “მაესტრომ“ მოახერხა თავის დახსნა და დღესდღეობით თუ შევხედავთ, “კავკასიაც“ აღარც კეკლუცობს, უფრო აფორმებს იმ ჩემ ძველ შენიშვნებს, რაცაა და ღმერთმა მოახმაროს… მაშინ მე ისინი ფსევდოოპოზიციურ ტელევიზიებად მოვიხსენიე, ასეც იყო და თუ ისტორიას გადავხედავთ, ფაქტები ბევრია“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები