„ქართული ოცნება“ საარჩევნოდ პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმს მიმდინარე კვირას გაასაჯაროებს

მიმდინარე კვირას, „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმს გაასაჯაროებს.
როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მემორანდუმის სამუშაო ვარიანტი ”ქართულ ოცნებას” მზად აქვს, ხოლო მისი გაცნობა პარტიებს კვირას შეეძლებათ.
მისივე ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც მიმდინარე კვირას უნდა დასრულდეს.
კობახიძის თქმით, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ. კობახიძის აზრით, ასეთ შემთხვევაში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიები ”ქართული ოცნების” შეთავაზებას შეუერთდებიან და მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
”მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით ჩვენი ლიდერი გამოვიდა, რადგან პირდაპირ ვართ დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია. ძალადობის პროვოცირების მთავარი ინსტრუმენტია კონტრაქციები. აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ყველა საარჩევნო სუბიექტმა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონტაქციები არ შედგება. ჩვენ არაფერი გვესაქმება იქ, სადაც აგიტაციას სხვა ატარებს. ჩვენი ამოცანაა დისტანცირება სხვისი აგიტაციისგან. იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც ანალოგიურ მიდგომას დააფიქსირებენ. მემორანდუმთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და დღეს თუ არა, ხვალ გვექნება საშუალება იმისა, რომ საჯაროდ წარმოგიდგინოთ მემორანდუმის მეტ-ნაკლებად შეჯერებული ტექსტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” შეთავაზებას სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტისგან სხვადასხვა სახის გამოხმაურება აქვს, რომელიც არის როგორც პოზიტიური, ასევე – ნეგატიური.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები