კობახიძის ინფორმაციით, სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში იარაღებით შევიდნენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ამხელს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განმარტა, გუშინ, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, სევდია უგრეხელიძის სამი აქტივისტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში შევიდა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ესაუბრებოდნენ. მისი თქმით, სამივე აქტივისტს „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა,  ქამრებზე კი პისტოლეტები ეკეთათ.
კობახიძის მტკიცებით, მოგვიანებით გაირკვა, რომ პროვოკაციის მიზანი ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით ისე გაშუქება იყო, თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე პირები.
„გუშინ, გამთენიისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სცადა პროვოკაციის მოწყობა ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში. „ნაციონალური მოძრაობის“ სამი აქტივისტი შევიდა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში. ორ აქტივისტს – სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრებს- მათ შორის ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი იყო, ეცვათ „ქართული ოცნების“ მაისურები და ორივეს ქამარზე პისტოლეტი ეკეთა. ისინი შევიდნენ ოფისში და დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე პირები.
ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ცვლის მოქმედების სტილს. ისინი ძლიერები არიან პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად აღარ აქვთ.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე – დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს, რომელთაც სათანადოდ აღკვეთეს აღნიშნული ფაქტი. მათ მოახდინეს პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის იდენტიფიცირებულია მათი პარტიული კუთვნილება. ერთ-ერთ მათგანს თან ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია 2016 წელს. სამართლებრივად მათ იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, ამ კუთხით სამართალდარღვევასთან საქმე არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ბინძურ პროვოკაციაზე ვსაუბრობთ“, -განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები