ლიტერატურული პრემია „საბას“ 2016 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

დღეს მუხრანბატონის სასახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია “საბას” 2016 წლის გამარჯვებულები. სულ 12 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა.
ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ გაიცა ორი სრული პრემია –  ბექა ქურხული (“სამოთხიდან გაქცეულები”) ; ზურაბ სამადაშვილი (“მოსალოდნელი მოულოდნელობანი”).
პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ტარიელ ჭანტურიას გადაეცა;
ჯილდო „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი” თარგმანისათვის გადაეცა ამერიკელ მთარგმნელს, ლინ კოფინს „ვეფხისტყაოსნის”ინგლისურენოვანი თარგმანისათვის. ეს არის პირველი თარგმანი, რომელშიც შენარჩუნებულია 16 მარცვლოვანი რითმა და უნიკალურია „ვეფხისტყაოსნის”ინგლისურენოვან თარგმანებს შორის.
გარდა ამისა, წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებული სამი ავტორი გამოვლინდა. ორ მათგანს – ნანა ექვთიმიშვილსა და იუნონა გურულს ჯილდო საბას ჟიურისგან ერგო, ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული, სალომე მაკარიძე მკითხველმა ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა.

  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული – “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს”, ბესიკ ხარანაული;
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული – “იუნკერ ერისთავის ბუცები”; ზაალ სამადაშვილი;
  • წლის საუკეთესო პიესა – არ გაცემულა (უკვე მესამედ);
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (მკითხველის რჩეული) – პოეტური კრებული “ჩვენ”, სალომე მაკარიძე;
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – “20 ქართული მოთხრობა”, თამაზ ვასაძე;
  • წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – “ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა”, ზაზა ფირალიშვილი;
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი”, თამარ ჯაფარიძე;
  • საუკეთესო ელექტრონული წიგნი – “ლაზარე”, ოთარ ჯირკვალიშვილი

სულ წლევანდელ ე.წ. „შორთლისტში” 37 ფინალისტი იყო წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონია სპეციალურად „საბასთვის” შექმნილმა მუსიკალურმა პროგრამამ დაასრულა.
ყოველწლიურ ლიტერატურულ  პრემია „საბაზე“, რომელიც დაფუძნდა 2003 წელს და დამფუძნებლები არიან „თი-ბი-სი ბანკი“ და პენცენტრი, განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „თი-ბი-სი ბანკი“ გადასცემს.
ლიტერატურული პრემია „საბა“ უკვე 14 წელია არსებობს და დღემდე 115 პრემია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები