ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ამ ინფორმაციას შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
„ყველას, ვისაც აინტერესებს ნობელის პრემიაზე საქართველოს სახელით წარდგენილი მწერლის ვინაობა, მოგახსენებთ, რომ ეს ავტორი არის ბატონი გივი მარგველაშვილი.
ნობელის პრემიაზე მისი წარდგენა, საქართველოს სახელით, ტრადიციულად, განახორციელა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ექსპერტთა საბჭომ. გასული წლის დეკემბერში ლიტერატურის ინსტიტუტიდან ნობელის კომიტეტში გაიგზავნა დაზღვეული წერილი, ნომინანტის ვინაობის მითითებითა და მისი შემოქმედების სიღრმისეული, დასაბუთებული ანალიზით. წერილს ხელს აწერს ლიტერატურის დარგში აღიარებული  ხუთი ექსპერტი. გვაქვს წარმატების იმედი“! – წერს ირმა რატიანი.
ცნობისათვის, გივი მარგველაშვილი დაიბადა ბერლინში, 1927 წელს, ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის, ოჯახში. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.
გივი მარგველაშვილმა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობდა იქვე, გერმანული ენის მასწავლებლად, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა მისი არც ერთი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.
მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, 40-ზე მეტი წლის შემდეგ, მას პირველად მისცეს უფლება, კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“ 2 ტომი (1-ლი ტომი ქართულად თარგმნა კარლო ჯორჯანელმა), აგრეთვე რომანები – „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ) და „დიდი კორექტურა“; პროზაული კრებულები – „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“.
მწერალი ერთბაშად აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში და მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით, ლექციების წასაკითხად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.
გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.
1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს  მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.
ამჟამად მწერალი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები