ძვალზე ფერწერის უბადლო ოსტატი, რომელიც ბურუსს და ფანჯრის მინებს ხატავს

სკოლა ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში დაამთავრა. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ რადიოტექნიკოსის სპეციალობას დაეუფლა.  ქარელის კულტურის სახლში ხმის რეჟისორად მუშაობდა. ამჟამად სამშენებლო ფირმის დიზაინერი და რესტავრატორია…
ცხოვრებაში დალხენილი გზებით არ უვლია, ეროვნულ მოძრაობაშიც აქტიურად იყო ჩაბმული და დევნილობის წლების სიმძიმეც იწვნია საკუთარ თავზე… – თვითნასწავლი მხატვარი დავით ჭაბუკაშვილი.

12651252_988168471249762_2025521688027391672_n– სკოლის პერიოდიდან გიტაცებდათ სახვითი ხელოვნება. საინტერესოა, რატომ აღარ გააგრძელეთ ამ მიმართულებით სწავლა?
– უცნაური რამ მოხდა მაშინ – ქარელის სკოლაში სამხატვრო წრეზე დავდიოდი და მასწავლებელმა სამიანი გამომაყოლა ხატვაში. შეიძლება ითქვას, რომ ხატვა შემაძულა. დავანებე თავი. 1992 წლამდე, 31 წლის ასაკამდე ისე მივაღწიე, არაფერი დამიხატავს.
მერე ისევ დავიწყე ფიქრი… ლიტერატურას ჩემით ვყიდულობდი, ტექნოლოგიაც – ყველაფერი ჩემით ვისწავლე.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ 31 წლის შემდეგ ხატვას მიბრუნებოდით?
– ხანდახან გეუფლება ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს, ყველამ მიგატოვა და განმარტოება გინდა… ასე დამემართა მეც. ჩავიკეტე და ხელოვნებაზე ფიქრი დავიწყე. ღამეებს ვათენებდი, დიდი მხატვრების ნაშრომებს ვეცნობოდი, ვაკვირდებოდი… ლეონარდო და ვინჩმა  „მონა ლიზას“ დახატვას 4 წელი მოანდომა, „საიდუმლო სერობას“-10 წელზე მეტი…
შინაგანი წვდომის უნარი მეხმარებოდა ფერწერის გემოვნების გამომუშავებაში, ასე ჩამომიყალიბდა ფერთა ხედვა.
გული მწყდება, რომ დრო არ მქონდა, მხატვრობაში მემუშავა,  ჩემი ცხოვრება მთალიანად რომ შევაჯამო, პარადოქსია, მაგრამ 3 წელი თუ მიხატია…
– პირველ ნახატს ხომ არ გაიხსნებდით?
დავტ
– ეს იყო ორი ნახატი:  „ტყის პეიზაჟი“, რომელზეც ძველი იტალიის ხედია აღბეჭდილი და მეორე – ისტორიული ციხესიმაგრე ზღვის ნაპირზე. როდესაც რუსთაველზე მხატვრებთან „ტყის პეიზაჟი“ მივიტანე, ისე მოეწონათ, გაოცდნენ, ეს როგორ არის პირველი ნახატიაო. შემდეგ რუსთაველზე გამოფენილი ეს ნახატი მერაბ სეფაშვილის ერთ-ერთი სიმღერის კლიპშიც კი მოხვდა.
– დაიწყო ეროვნული მოძრაობის წლები და თქვენ აქტიურად ჩაებით მასში… მხატვრობისთვის როგორ მოიცლიდით, მით უფრო, რომ მერე დიდხანს დევნილობაში იმყოფებოდით…

ჩეჩნეთში, გროზნოში 7-8 თვე დავყავი. შემდეგ კი დაღესტანში, მახაჩყალაში 7-8 წელი ვიმყოფებოდი. იქ ვხატავდი, თან ფიზიკურად ვმუშაობდი.  კავკასიის მხატვართა ფერწერული ნამუშევრების გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, 120-მდე მხატვარს ჰქონდა ნამუშევრები წარმოდგენილი. სამმა ნახატმა გაიმარჯვა, მათ შორის იყო ჩემიც. „დაისი – მზის ჩასვლა“, – ასე ერქვა ნახატს და სიმბოლურად მზის ჩასვლა საქართველოს რეალობას დავუკავშირე.
7-8 ნახატი მახაჩყალაში დავხატე. 2002 წელს კი საქართველოში დავბრუნდი…
-ეს იყო ალბათ უფრო ინტენსიური პერიოდი ხატვაში…
დავ
– დავბრუნდი და სამხატვრო საამქროში დავიწყე მუშაობა. დავიწყე ტექნიკურ ძვალზე ფერწერა დენით და გერმანული პიგმენტებით. დენით იხატება ღია ყვითელიდან შავამდე, პიგმენტებით კი ფერები.
ეს იშვიათი ტექნოლოგიაა, რომელსაც არცერთ ქვეყანაში არ მისდევენ. ასევე ჭიქური მინანქარი, რომელიც შესასრულებლად ძალიან რთულია. სერიოზული მხატვრობა აქვთ მხოლოდ რუსებს. ჩვენთან უფრო ტიხრული მინანქარია განვითარებული.
ჩემი ნამუშევრები ჩინეთში, რუსეთში, ისრაელში, საბერძნეთში იგზავნებოდა.
– საინტერესოა ესპანეთის პერიოდი… 
– 2009 წლის ივლისიდან ვიმყოფებოდი ესპანეთის ქალაქ კორდობაში, 2 წელი დავყავი იქ.  ეს ქალაქი უძველესი ანდალუსიის დედაქალაქია, სადაც შერწყმულია აღმოსავლური და დასავლური კულტურა. დამაინტერესა ძველმა რომაულმა და არაბული კულტურის ნიმუშებმა და გადავწყვიტე, ამ კუთხითაც მემუშავა ფერწერაში.
პირველივე გამოფენამ, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, დიდი წარმატება მოგიტანათ… მაგრამ ყველას გვახსოვს, როგორ გახმაურდა მაშინდელი თქვენი დაპირისპირება ესპანელ პოლიციელებთან…
– კორდობა უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ცენტრია, სადაც ყოველი მეორე ხელოვანია. წარმატების მიღწევა ძნელია. ხალხი აღფრთოვანებული იყო. ნელ-ნელა ქალაქმაც გამიცნო. პატივისცემით მეპყრობოდნენ. ვაცნობდი მათ საქართველოს, როგორც დიდი ისტორიის მქონე ყველაზე უძველეს ქვეყანას ევროპაში.
შემდეგ გამოფენაც გაიმართა, მოვიდნენ პოლიციის წარმომადგენლები და მომთხოვეს ლიცენზია. მე იგი არ მქონდა, რადგანაც სამჯერ ვცადე მიღება და სამჯერვე, რამდენიმე თვე ველოდე, რომ თითქოს სახლში მივიღებდი ფაქტურის ფურცელს, თუმცა უშედეგოდ.
– და მაინც რატომ? განა ისეთი რა დაარღვიეთ?

10394503_1015298408536768_2886949950873020299_n– როგორც ჩანს, ჩასული მხატვრისგან კონკურენცია ვერ აიტანეს სხვა მხატვრებმა… გამოფენა გალერეის წინ იყო მოწყობილი და,  გალერეის ფასებთან შედარებით, ჩემგან იაფად იძენდნენ ნახატებს. როგორც ჩანს, მხატვრებმა იჩივლეს და პოლიციამაც არ დააყოვნა.
მათ აკრიფეს ჩემი ნახატები და შეჰყარეს მანქანაში, როგორც ვადაგასული საქონელი. ჩემს პროტესტზე მათგან მივიღე პასუხი, რომ მეორე დღეს მივიტანდი მათთან გადახდილი ჯარიმის ქვითარს და გამომატანდნენ ნამუშევრებს. მათ არ მომცეს არავითარი ოქმი, თუ რა წაიღეს და სად მიჰქონდათ. ამით მათ უხეშად დარღვიეს კანონი და, როგორც ჩანს, თავიდანვე გულში ედოთ სურათების გატაცება…
ეს ეჭვი იქიდანაც გამიმყარდა, როცა ჯარიმის ქვითრის წარდგენის შემდეგ, პოლიციაში განმიცხადეს, რომ ნახატებს დამიბრუნებდნენ, მაგრამ იმ განყოფილებაში, სადაც ნახატები უნდა ინახებოდეს, გაურკვეველი პასუხით მისტუმრებენ, რომ თითქოს, ვინც წაიღო ნახატები, ორი კვირით შვებულებაში გავიდა… ეტობა იფიქრეს, უცხოელია, საბუთი არ აქვს და ნახატები შეგვრჩებაო.

14397190_1082839488431717_1052150481_nარ გაუვიდათ ეს განზრახვა. იძულებულნი გახდნენ, დაებრუნებინათ ნამუშევრები. საქმის კურსში ჩავაყენე ესპანეთში საქართველოს საელჩო, ბატონი  ავთო სოხაძე. ჩემი წერილი საქართველოს მასმედიითაც გავრცელდა.
უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მეორე დღეს, 9 საათზე შიმშილობის დაწყება, როცა ერთი საათით ადრე, 8 საათზე დამირეკეს და მითხრეს, მობრძანდით და წაიღეთ ნამუშევრებიო… სულ 13 ფერწერული ტილო იყო.
გავიცანი ადვოკატიც, ჩემ მიერ დახატული ძველი კორდობის ხედი ვაჩუქე. ისე მოეწონა, კაბინეტში დაჰკიდა.  გაოცებული იყო პოლიციელების ქმედებით, – ადრევე რომ მცოდნოდა მათ დარღვევებზე, დიდ ჯარიმას დავადებდი შენს სასარგებლოდო, მითხრა…
– თქვენ ფერწერული ნამუშევრების გარდა სახარება გააფორმეთ…
– ჩემთვის უძვირფასესია ეს სახარება. ნახევარმეტრიანია. ეს წიგნი მელხიორში ჩასმულია და მეუფე იობს აქვს… და მეორე – მოოქროვილი სახარებაც გავაფორმე, 4 მახარებლის და აღდგომის ხატის ფერწერა ძვალზე  დენის ამოსაწვავით შევასრულე.
–  ყინწვისის ტაძრის ამოქმედების მოთავე ხართ… როგორ დაიწყო ეს ამბავი?

1235517_1015298181870124_5842871463865198038_n– 1988 წელს, როცა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ჩამოყალიბდა, ქარელში ფილიალი შეიქმნა. როცა ვკითხე ზურაბ ჭავჭავაძეს, რით დაგვეწყო საქმიანობა, ასე მითხრა, შე კაი კაცო, ამისთანა დიდებული ყინწვისის ტაძარი გაქვთ და ამოქმედებაზე იზრუნეთ, უკეთესს რას გააკეთებთო.
მართლაც, შევადგინეთ მორწმუნეთა ხელმოწერები და სამიოდე თვეში დადებითი პასუხი მოვიდა მოსკოვიდან. სამწუხაროდ, ზურაბი უკვე გარდაცვლილი იყო.
1990 წლის 22 მაისს – ნიკოლოზობა დღეს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ამოქმედდა, რომელსაც ესწრებოდა ზვიად გამსახურდია. შოთას წყაროსთან, სოფელ ბებნისში გაიშალა ამ დღის აღსანიშნავი სუფრა, სადაც ზვიადმა ითამადა.
– ამჟამად რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?
– ძვალზე ფერწერით მინდა შევქმნა გაერთიანებული საქართველოს მეფეების, სულ 25 მეფის კოლექცია. თუ დამაფინანსებს კულტურის სამინისტრო ან მხატვართა კავშირი, მაშინ უსასყიდლოდ გადავცემ ამ კოლექციას. ეს პროექტი შევთავაზე მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ  ცისანა მჭედლიძეს, რომელმაც თანადგომის სურვილი გამოხატა…
ასევე ვაპირებ, ძვალზე ფერწერით მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების კოლექციის შექმნასაც.
თუ ამ ორ კოლექციას მოვასწრებ, მართლაც, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემს შემოქმედებაში.
– ოჯახში თუ გყავთ თქვენი გზის გამგრძელებელი?
1263953_752784814793732_1787543698507986650_o
– შვილიშვილი ელენე 8 წლისაა. ახლახან შოთა რუსთაველის პორტრეტი დახატა, ხოლო მისი ნამუშევარი „თაგვების ქორწილი“ უკვე ჟურნალ „კარუსელშიც“ დაიბეჭდა.
მეუღლე ლელა ბაქრაძე დიასახლისია. შვილები: მარიამი გერმანული ენის თარჯიმანია, ლაშამ კი ტურიზმის განხრა აირჩია…
– თქვენი ნახატები უფრო მეტად ნატურალიზმს განეკუთვნება… რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას?
– უფრო თბილ ფერებს. ძალიან მიყვარს ბურუსის და მინების ხატვა. რთულია, მაგრამ კარგი დასახატია ჩემთვის.
ხშირად, როცა ჩემს ნამუშევრებს ათვალიერებენ, ვერ არჩევენ, ნახატია თუ ფოტო და მეკითხებიან, წყალს როგორ ხატავო? როგორ და… სანამ ხატვას დავიწყებდი, ჯერ 20 წელი ვსწავლობდი. ესპანელები „კომო ფოტოს“ ეძახდნენ, რაც „როგორც ფოტოს“ ნიშნავს. უკვირდათ, როგორ ჰგავს ფოტოებსო…

ამბობს, რომ  განუმეორებელია ფიროსმანი, უყვარს ლეონარდო და ვინჩიც, რომელიც   იმდენად დიდია, მის ნამუშევრებში მთელი სამყაროა ჩატეული. მისი ხედვა ძალიან ღრმა, იდუმალი და მისტიკურიაო…
ეს მისტიკა დავით ჭაბუკაშვილის ნამუშევრებშიც არის, მთელი გული და სული ჩაუდვია მხატვარს
მენანება ის წლები, როცა არ ჰქონდა ხატვის საშუალება… მისმა თაობამ, მრავალმა  ხელოვანმა, მხატვარმა, მეცნიერმა  საკუთარ თავზე იწვნია სამშობლოს ბედუკუღმართი დროება,  დევნა და ტკივილი,ზოგი შორსაც გადახვეწეს  და მაინც, არ შეუწყვეტიათ სამშობლოს სიყვარული და ერთგულება
იმედია, არც სამშობლო შეწყვეტს მათზე ზრუნვას… და ასეთ ოსტატებსაც სათანადოდ დააფასებს ჩვენი დრო...

 

155                                                   ფფფ

ესსსს                                                  134

14193583_1118291278237480_1769974863_n                                                                       es

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები