“აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიას, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში 10 650 კვმ. მიწის ნაკვეთს გადასცემს. კომპანია 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ქალაქ ფოთში კი საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება და ამ მიზნით, კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება.
„ეს არის ძალიან მსხვილი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი კომპანია და მას სიმბოლურ ფასად გადაეცემა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღეს უვარგისია, თუმცა კომპანია მათ განახლებას და იქ ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ერთ კომპანიას კი რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით, საკუთრებაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი  გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები