დიმიტრი ქუმსიშვილმა „გრინპაკის“ ახალი საწარმო დაათვალიერა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საწარმოში პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი – ანი კვარაცხელიაც იმყოფებოდნენ.
საკვები და სასმელი პროდუქტების შესაფუთი ქაღალდის კონტეინერები, ჭიქები და სხვა ტიპის მასალები, ლამინირებული ქაღალდის კონტეინერები – ეს არის იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალი, რასაც შპს „გრინპაკი“ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოშივე შეიძინონ უმაღლესი ხარისხის ლამინირებული ქაღალდისგან დამზადებული საკვები და სასმელი პროდუქციის ერთჯერადი მოხმარების შესაფუთი პროდუქცია.
2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ წარმოადგენს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული კომპონენტის ბენეფიციარს, ახალ საწარმოს. კომპანიას „საქართველოს ბანკისგან“ 2 მლნ. აშშ დოლარის სესხი აქვს აღებული, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინასებასაც ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. კომპანიას, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ასევე სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
„ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც განაცხადი შემოიტანა სახელმწიფო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“  სარგებლობისთვის, იყო „გრინპაკი.“ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ კომპანიამ ნულიდან 2000 კვ.მ.ფართობის საწარმო ააშენა, სადაც 2 500 000 დოლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. საწარმო უშვებს არაერთი დასახელების პროდუქტს, შესაფუთ მასალებს, მათ შორის, საკვები და სასმელი პროდუქტისთის და 35 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სახელმწიფომ კომპანიას დახმარება გაუწია როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ანუ გადასცა მიწა, ასევე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია გაუკეთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად ჩვენ მივიღეთ გამართული საწარმო, დასაქმება, მაღალტექნოლოგიური წარმოება და, რა თქმა უნდა, შედეგი. სწორედ ეს არის შედეგი, რომელიც უნდა მოეტანა პროგრამას „აწარმოე საქართველოში.“ 2 წლის თავზე, მას მერე, რაც პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო, მრავლად გვაქვს საწარმოები, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია შესული“ ,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწარმოს სრული აღჭურვისა და დამატებითი სიმძლავრეების გაშვების შემდგომ, დასაქმებულთა რიცხვი მინიმუმ 50-მდე გაიზრდება. „გრინპაკის“ დამფუძნებლის, კახაბერ ჩიქოვანის თქმით, საწარმო უნიკალურია თავისი კომპლექსურობით არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით.

„კომპლექსურობაში ვგულისხმობ იმ პროდუქტს, რომელიც ერთ ჭერქვეშ გამოდის და ვფიქრობ, რომ ჩვენ არამარტო ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ პროდუქტს საქართველოში, არამედ სიმძლავრეებს გავზრდით იმ დონემდე, რომ აუცილებლად გავიდეთ ექსპორტზეც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროგრამისთვის სახელმწიფოს წარმომადგენლებს“, – აღნიშნა კახაბერ ჩიქოვანმა.
ამჟამად საწარმო ორიენტირებულია ქვეყნის შიდა ბაზარზე, თუმცა, მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში წარმოებული ბიოდეგრადირებადი პროდუქცია ხელს შეუწყობს აქტიურ ექსპორტს და კომპანიის მიერ გარე ბაზრების ათვისებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები