ვახტანგ ლიჩელის საჯარო ლექცია – „ახალი აღმოჩენები გრაკლიანზე“ გაიმართება

19 სექტემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში (ვაჟა-ფშაველას გამზ.N1) ვახტანგ ლიჩელის საჯარო ლექცია – „ახალი აღმოჩენები გრაკლიანზე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, ლექციაზე საუბარი შეეხება გრაკლიანის გორაზე ბოლო ორი წლის მანძილზე აღმოჩენილ უნიკალურ არქეოლოგიურ მასალას, მათ შორის ძვ.წ. XI-X საუკუნეების დამწერლობის ნიმუშებს.
14355692_1483647171652755_2036061424160749937_nვახტანგ ლიჩელი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ლეიდენის (ჰოლანდია) და ინსბრუკის (ავსტრია) უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი, გრაკლიანის გორის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, იუნესკოს საქართველოს კომისიის „ადამიანი და გარემო“ წევრი, ჟურნალ “Ancient Civilization”  (ჰოლანდია) მრჩეველთა საბჭოს წევრი.
კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საქართველო ძველი ცივილიზაციების სისტემაში (უპირატესად აქემენიდური და ბერძნული სამყაროები), არქეოლოგიის თეორიის საკითხები და ინტერდისციპლინური კვლევები.

ცნობისთვის: 1 წლის წინ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.
გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა, კერძოდ, ავტობანის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ნასახლარი და უნიკალური ღუმელი. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა საგზაო დეპარტამენტმა, ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება უგულებელყოფილი იყო – ობიექტის დიდი ნაწილი გზის მშენებლობას შეეწირა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ინტერესი გამოთქვა ამ ობიექტის საფუძვლიან შესწავლაზე, მის კონსერვაციასა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე. 2014 წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები. 2015 წელს კი, 2014 წელს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაცია განხორციელდა (მოეწყო გადახურვები) და გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები. საიტზე აღდგა ერთ-ერთი ნაგებობა. აღმოჩნდა ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. გრაკლიანის გორას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საქართველოს მთავრობის მიერ განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.
2016 წელს გაგრძელდა მასშტაბური სამუშაოები. ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, დაიწყო სამუზეუმო სივრცის მშენებლობა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება აქ აღმოჩენილი ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ამ ობიექტის უნიკალურობაზე მეტყველებს.
გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.
ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები