გია ცაგარეიშვილი: გვარამია-ბურჭულაძის დიალოგი სიბინძურის გამოვლინებაა

“გვარამია-ბურჭულაძის ეს დიალოგი სიბინძურის გამოვლინებაა. წარმოუდგენელია ასეთი შეურაცხყოფა აიტანო”, – აღნიშნული შეფასება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აიძულა.
როგორც გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცაგარეიშვილი აცხადებს, მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, თუ როგორ ესაუბრება „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელი პარტიის ლიდერს.
„ძალიან ავად მოსასმენი იყო, თუ როგორ ამცირებს ე.წ კერძო მაუწყებლის ხელმძღვანელი ერთ-ერთი პარტიის ლიდერს.
ძნელად წარმომიდგენია, რომ ასეთი ფრაზეოლოგიით, ასეთი თავხედობითა და ტუტუცობით ადამიანი ადამიანს ესაუბრებოდეს, თანაც ე.წ ჟურნალისტი ე.წ. პოლიტიკოსს.
ჩემთვის ბურჭულაძე პოლიტიკოსი არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, მით უფრო მას შემდეგ, რაც მას თავს გადახდა და გადაეყარა ავაზაკებსა და სადისტებს, რომლებიც 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ ზონდერებს მხრებზე ხელს უთათუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რა მაგარი ბიჭები ხართო. ეს მაინც გაერკვია.
ვის ვგულისმხობ და მელაძეს, კუბლაშვილს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სააკაშვილთან ერთად მთელი 9 წლის განმავლობაში ხოცავდნენ, აწამებდნენ ადამიანებს. როდესაც კრებ ამ მოთარეშე ყაჩაღთა ბანდას, უნდა გადახედო, თუ ვის მიუსკუპდები გვერდით. ფული კი ანათებს ჯოჯოხეთს, მაგრამ ამ დონეზეც არა მგონია. ეს არის სიბინძურე და სხვა არაფერი, გვარამია-ბურჭულაძის ეს დიალოგი კი ამ სიბინძურის ერთი გამოვლინებაა. წარმოუდგენელია ასეთი შეურაცხყოფა აიტანო.
ეს იყო არათუ მესამე ძალა, არამედ  დიდი პოლიტიკური ავანტიურა. არ ვიცი, სად დაიწერა და დაიგეგმა, მაგრამ მაუწყებლის ხელმძღვანელის ასეთი მითითებები, ასეთი მეტყველება ცხადყოფს, რომ, რა თქმა უნდა, ამ ავანტიურაში, რომელსაც პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოყვანა ჰქვია, ბევრი ვინმე იყო ჩართული. ერთ-ერთი აქტიური, შესაძლოა, ბატონი გვარამია გახლდათ. ამაში ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები