კონსერვატორიაში ჰაინც ჰოლიგერის და „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტი გაიმართება

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონცერტს გამართავენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და შვეიცარიიდან მოწვეული მუსიკოსები: ჰაინც ჰოლიგერი (ჰობოი) და მარია-ლიზა შიუპბახი (ინგლისური ქარახსა).
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, კონცერტზე ს. ვერესის, ი. ფიალასა და ფ. შუბერტის ნაწარმოებები შესრულდება.
სამშაბათს, 20 სექტემბერს კი მოწვეული მუსიკოსები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში მასტერკლასს ჩაატარებენ (აუდიტორია 307) .
ჰობოისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი ჰაინც ჰოლიგერი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და უჩვეულო პერსონაა მუსიკალურ სფეროში. ჟენევისა და მიუნჰენის საერთაშორისო კონკურსებში პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ დაიწყო მისი შეუდარებელი საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე. მისმა ინტერესმა კომპოზიციისადმი და საშემსრულებლო ტექნიკის თანამედროვე მიღწევებისადმი გაზარდა მისი ინსტრუმენტის ტექნიკური შესაძლებლობები. ჰოლიგერს, როგორც კომპოზიტორს მრავალი საერთაშორისო პრიზი და აღიარება აქვს მოპოვებული. მისი ნაწარმოებები გამოიცემა ექსკლუზიურად Schott Music International-ის მიერ.
მარია-ლიზა შიუპბახი – ცნობილი შვეიცარიელი ჰობოისტი და ჰაინც ჰოლიგერის ერთ–ერთი საუკეთესო მოსწავლე გახლავთ. 2008 წელს, ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად დააფუძნა კამერული მუსიკის ფესტივალი erstKlassik am Sarnersee, სადაც მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ. მარია-ლიზა შიუპბახი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორკესტრებთან, როგორიც არის ბერლინის და ვენის ფილარმონიული ორკესტრები, ასევე გახლავთ ლიუცერნის საფესტივალო ორკესტრის წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ მარია-ლიზა შიუპბახი აგრეთვე აღიარებულია ინგლისურ ქარახსაზე ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.
კონცერტი და მასტერკლასები გერმანელი მეცენატისა და ბიზნესმენის, კლაუს ჰიპის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
კონცერტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კი გიორგი ქობულაშვილი გახლავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები