დიმიტრი ქუმსიშვილმა “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო დაათვალიერა

40 ადამიანი დასაქმდა “აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში ამოქმედებულ საწარმოში, რომელიც პარალონს და პოლიურეთანს აწარმოებს.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შპს „დენოლას“ ახალი საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. „დენოლაში“ ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დიმიტრი ქუმსიშვილი.
საწარმოს შესაქმნელად, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიამ 2 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4.800 000 ლარს შეადგენს.
„ეს არის 4 000 კვ. მეტრზე განლაგებული საწარმო, რომელიც გახლავთ, ასე ვთქვათ, ნულიდან აშენებული. ძალიან სასიხარულოა, რომ პროდუქცია, რომელიცა ქ იწარმოება, რეალურად სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარობით. პარალონის 10 მილიონის იმპორტი შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, ამ კომპანიამ 7 მილიონის იმპორტის ჩანაცვლება შეძლო და ეს მოახერხა იმით, რომ აქვთ საუკეთესო ხარისხი და ძალიან კარგი ფასები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა არსებული პროდუქციისა, კომპანია აპირებს განავითაროს თავისი წარმოება და დაამატოს არაერთი ახალი პროდუქტი და ასევე ახალი სამუშაო ადგილები“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პროდუქციას დამატებით ღირებულებას მატებს ის ფაქტი, რომ პარალონის შესაქმნელად გამოსაყენებელი ნედლეულით იწარმოება ასევე სხვა ტიპის პროდუქციაც, მათ შორის წებო და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი.
„დენოლას“ ფინანსური დირექტორის, მარიამ აბაშიძის განცხადებით, პროდუქტი ექსპორტზე უკვე გადის აზერბაიჯანში და იგეგმება მისი ევროპაში გატანაც. „ჩვენი საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დამსახურებით შეიქმნა და რომ არა მთავრობის ეს ინიციატივა, ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ჩვენი იდეის განხორციელება“, – განაცხადა მარიამ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები