ოქრუაშვილი ხალვაშს მიმართავს: განათლება შენსავით ხოფას და რიზეს ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ „კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრობს, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება.
„ეჰ ჩემო ქიბარ, მეგონა კონტრაქტზე და იურიდიულ მხარეზე რაიმე უფრო სერიოზულს იტყოდი, მაგრამ მესმის რომ რთულ მდგომარეობაში ხარ და სათქმელი არაფერი გაქვს. რაც შეეხება ადამიანობას და პატრიოტიზმს, ხომ იცი მაგ საკითხებში განათლება შენსავით ხოფას და რიზეს ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული და ცოტა ჩამოგრჩები“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და მისი დოკუმენტების ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ბოლოს 2010 წელს მიუნხენში შემთხვევით შეხვდა და ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათი პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება.
”ერთმანეთს ცივად დავშორდით, ტელევიზიაზე კი არც გვისაუბრია. მხოლოდ იხუმრა, ”რუსთავი 2”-ზე რა გავაკეთოთო და ასეთივე ირონიული პასუხი მიიღო.
ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება. მითუმეტეს, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს დარიგებულ გენერლის წოდებებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება ”პასტაპუსტობას”, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა ოქრუაშვილის მხედართმთავრობა მეხვეწებოდა, ჩვენი თანაგუნდელი გახდიო. ღმერთს მადლობა, რომ ამ ცდუნებას გადამარჩინა“, -აცხადებს ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები