დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების ძალიან დიდი კერა“ , – ასე შეაფასა მედიასთან საუბრისას პირველმა ვიცე-პრემიერმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტი, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისში განხორციელდება.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტია. 60 000 სტუდენტზე გათვლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში საფუძველი ჩაეყრება განათლების, მეცნიერებისა და ქვეყნის ინტელექტუალური რესურსების სრულიად ახალ სტანდარტებს. მილიარდი ევროს ღირებულების სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეგაპროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ”აფინანსებს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლის დაფინანსებითაც განხორციელდება ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ქალაქ ქუთაისში. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ძალიან დიდი კერა ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარებისა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ შეიქმნას რეგიონალური ცენტრი, რადგან მოგეხსენებათ, რომ სტუდენტები, რომლებიც აქ ისწავლიან, აუცილებლად გახდებიან ჩვენი ელჩები მას მერე, რაც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პერეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში განლაგებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეშვეობით ქვეყანაში შეიქმნება ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრების ბაზა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა დარგის მიმართულებით. შეიქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც ამერიკული და ევროპული სტანდარტის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. გამოგონებები და ინოვაციები, ისევე როგორც გამოყენებითი მეცნიერებები, ინტერდისციპლინარული პროგრამები და კვლევები შექმნის მათ კომერციალიზაციასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების საუკეთესო პირობებს.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში უდიდესი და ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები