სკანდალური ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან – ყოფილი „ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს

შალვა ნათელაშვილისა და სოსო შატბერაშვილის დაპირისპირება ამჯერად საარჩევნო ოლქში ინაცვლებს. ისინი ერთმანეთის კონკურენტები ხდებიან და რაღა თქმა უნდა, დგება დრო, როცა საზოგადოებისთვის, ბოლოს და ბოლოს, ცნობილი უნდა გახდეს ყველა ის მიზეზი, რის გამოც „ლეიბორისტული პარტიის“ ყველაზე აქტიურმა ნაწილმა 2013 წელს ნათელაშვილს ზურგი აქცია და „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გამოჩნდა პოლიტიკურ სპექტრში.
დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარი სოსო შატბერაშვილია, რომელიც ჩვენს მკითხველს უამბობს, რატომ გაიყარა ერთ დროს თანამებრძოლთა გზები? რეალურად რა მიზეზით დათმო შალვა ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი 2002 წელს? რატომ გადაუდგა ის ოპოზიციას 2007-ში? როგორ აღმოჩნდა მის ანგარიშებზე კოლოსალური თანხები? რა ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა რუსულ და ამერიკულ ურთიერთობებში? ვისთან შედიოდა კორუფციულ გარიგებებში და რისთვის გადაუხადა 100 ათასი ლარი „რუსთავი 2“-ს?
მაშ ასე, სკანდალური ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან:
– საკმაოდ სკანდალურად დაიწყო, თქვენი, როგორც მაჟორტარობის კანდიდატის, საარჩევნო კამპანია. ვგულისხმობთ თქვენი წარდგენის დროს მომხდარ ინციდენტს ბაზალეთის ტბაზე, როცა ლეიბორისტი აქტივისტები მოგივარდნენ პრეტენზიებით…
– ამას ველოდით კიდეც… მე დაბა ფასანაურში დავიბადე და გავიზარდე, სადაც ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ჩემი მშობლები. დუშეთის რაიონი, ყაზბეგი და თიანეთი ჩემთვის უცხო არ არის. მართალია, თბილისში დავამთავრე სკოლა, მაგრამ იქ ვიზრდებოდი და მაქვს მორალური უფლება, იქ ვიყარო კენჭი. თუ მოსახლეობა ხმას მომცემს და დეპუტატობას დამაკისრებს, საჯაროდ ვაცხადებ, რომ პირადი ცხოვრება აღარ მექნება და მხოლოდ მათ მოვემსახურები.
– ამ საარჩევნო ოლქში თქვენს მთავარ კონკურენტად ნათელაშვილს მიიჩნევთ?
– ჩემს კონკურენტად ვთვლი თანამებრძოლების გამყიდველს, ნაციონალებთან კუდგადაბმულ, ნიკა გვარამიას მიერ სიყვარულახსნილ ნათელაშვილს. სოფელ ბაზალეთში ჩემი წარდგენა მალულად არ მომხდარა. ამის შესახებ პრესასაც ვაცნობეთ. იქ დაგვხვდა ჟიპიტაურით გახეთქილი ოთხი ავანტიურისტი. ოთხიდან სამი იყო გვარად ნათელაშვილი. მოგვიწყვეს პროვოკაცია. უნდოდათ ჩვენი გამოწვევა, რომ ფიზიკურად გავსწორებოდით, მაგრამ ჩაუვარდათ ეს პროვოკაცია… ისინი ყვიროდნენ – ახლა გაიგეთ, რომ ნათელაშვილი მოღალატეა? ახლა გაიგეთ, რომ ნაციონალებმა გაამდიდრესო?
– სხვათა შორის, ლეგიტიმური კითხვაა…
– მართალი ხართ, ეს კითხვები ყველგან აქვს მოსახლეობას ჩვენ მიმართ. ხშირად გვეკითხებიან, სად ვიყავით, როცა ნათელაშვილმა 2002 წელს გაყიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და ამაში აიღო 350 ათასი დოლარი. სხვა მონაცემებით – 900 ათასი დოლარი. ეს მონაცემები მოვიდა ჩვენამდე. გვარსაც გვისახელებენ, ვინ გადასცა მას ეს თანხა.
– ვინ იყო ეს?
– ვერ დავასახელებ. ის იყო ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი.
– გაქვთ პასუხები მოსახლეობის ამ კითხვებზე?
– თქვენი გაზეთის საშუალებთ გავცემთ ახლა ყველა კითხვას პასუხს: მიუხედავად იმისა, რომ მასთან დაპირისპირებული ვართ, შალვა ნათელაშვილი გახლავთ ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსი, მას აქვს საოცარი უნარი, მოატყუოს ნებისმიერი ადამიანი. მან მოგვატყუა ჩვენც. ისე შეგვიფუთა საკრებულოს თავმჯდომარის დათმობის ფაქტი, რომ ჩვენ მას დავუჯერეთ. ის ამბობდა, – სააკაშვილი მიდის ძალიან სწრაფად, პოლიტიკაში ზეაღმავალი კიბით და მას იმხელა მხარდაჭერა აქვს შევარდნაძისგან, ბიძამის თემურ ალასანიასგან, ამერიკელ მილიარდერ კერ კირკორიანისგან, ჯორჯ სოროსისგან, რომ ადვილი შესაძლებელია, სრული ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ამიტომ, მოდით, უმრავლესობამოპოვებულმა პარტიამ საკრებულოში, დავუთმოთ თავმჯდომარის პოსტი და ამით ის გავხადოთ კანალიზაციების, ლიფტებისა და სახურავების უფროსადო, ამით ჩამოვაცილოთ დიდ პოლიტიკასო. ამის შემდეგ საკრებულოში რამდენიმე ლეიბორისტმა გადაინაცვლა და ჩვენ დავკარგეთ უმრავლესობა.
– ნათელაშვილისთვის ეს სიურპრიზი იყო?
– მაშინაც კარგად ითამაშა. გვითხრა, მოდით, ვთქვათ, რომ არ გვინდა პოსტები, სკამებზე ვთქვათ უარი და ამით მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვისო. დავიჯერეთ ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობდნენ ნათელაშვილის კორუფციულ გარიგებებზე.
– მართლაც კარგი შედეგი დადეთ მაშინ საპარლამენტო არჩევნებზე. თუ არ ვცდები, 12,5 პროცენტი მიიღეთ…
– 25 დეპუტატი გავიყვანეთ. ამის გარდა, აფხაზეთის დეპუტაცია გადმოდიოდა ჩვენთან, „მოქალაქეთა კავშირიდან“ გასული რამდენიმე დეპუტატიც, ასლან აბაშიძისგანაც მოდიოდნენ და ძალიან ძლიერ ფრაქციად ვყალიბდებოდით. ეს შედეგები გაუქმდა გაყალბების გამო… შეიკრიბა საქართველოს პარლამენტი, მართალია, გაყალბებული, მაგრამ მაინც, გარეთ კი მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენ შეგვეძლო მაშინ შევსულიყავით პარლამენტში, კვორუმი შეგვევსო ისევე, როგორც მოიქცა „ახალი მემარჯვენეები“, აგვერჩია თავმჯდომარე და 15 წუთში დავშლილიყავით. მერე მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, ცარიელ დარბაზში შევარდებოდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ამით აღვკვეთდით სახელმწიფო გადატრიალებას. ამის უფლება არაფრით მოგვცა. მერე გავიგეთ, რომ მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მაშინაც სერიოზული თანხები შემოსულა ნათელაშვილის ანგარიშზე… ამის შემდეგ, როდესაც რევოლუცია მოხდა, ჩვენ აღმოვჩნდით დიდი პოლიტიკის მიღმა და ჩვენი რეიტინგიც გაცამტვერდა, ნათელაშვილს საერთოდაც არ ეტყობოდა რამე სევდა. ძალიან კმაყოფილი იყო. ასეც იქნებოდა, რადგან თურმე მის ანგარიშზე კოლოსალური თანხები იდებოდა. ერთხელ მისმა შინამოსამსახურემ ისიც კი გვითხრა, სახლის დალაგების დროს, ბელა ალანიას გახსნილ ჩანთაში ჩავიხედე და 900 ათასი ფრანგული ფრანკის ჩეკი დავინახეო…
– საინტერესოა კიდევ ერთი ეპიზოდი: 2007 წელს შალვა ნათელაშვილზე საქმე იყო აღძრული შპიონაჟის ბრალდებით. მოულოდნელად სააკაშვილის პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა და ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, როცა ოპოზიციის საერთო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იყო. რა მოხდა მაშინ?
– როცა მის მიმართ საქმე აღიძრა, ის დაიმალა.
– სად იმალებოდა?
– ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ძალოვნის სახლში… ამ დროს ოპოზიცია პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებდა. ვუთვლიდი შალვას, გამოდი, წარადგინე შენი კანდიდატურა და იმუნიტეტი გექნება-თქო. არაფრით არ ქნა. ამ დროს პროკურატურიდან მოვიდნენ ჩვენთან, გვარიც მახსოვს – დათაშვილი იყო. გადმოგვცა, გამოეყავით გაერთიანებულ ოპოზიციას, ცალკე დააყენეთ პრეზიდენტობაზე კანდიდატურა და ჩვენ შალვა ნათელაშვილს გავათავისუფლებთო. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვიკითხე, ვინ უნდა იყოს ეს კანდიდატი, შალვას გარდა-მეთქი. შენ დააყენეო, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. ამის შემდეგ ნათელაშვილმა შემომითვალა, დატოვე „გაერთიანებული ოპოზიციაო“. ასეც მოვიქეცით. ისევ მოვიდა დათაშვილი და გადმოგვცა დადგენილება, რომ ნათელაშვილი იყო თავისუფალი. იმავე საღამოს, ერთ საათში ტელევიზიით გამოდის სააკაშვილი და აცხადებს: ნათელაშვილს შეუძლია გამოვიდეს სარდაფიდან და კენჭი იყაროს პრეზიდენტადო. მართლაც გამოჩნდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტად. ესეც გარიგება ყოფილა იმისთვის, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ დაშლილიყო. მაინც ვერ ვიჯერებდით, რომ გარიგებასთან გვქონდა საქმე, რადგან სიტყვით ის დღე და ღამე სააკაშვილის გინებაში იყო. მე და რამდენიმე ლიდერს უკვე გვინდოდა პარტიის დატოვება, მაგრამ არ გავაკეთეთ, რადგან წინასაარჩევნოდ ეს პარტიის კოლაფსს გამოიწვევდა და მისი მარცხი არჩევნებში მთლიანად ჩვენ დაგვბრალდებოდა. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სიაში აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის ნათესავი, გვარად თედორაძე. ის ადრე ჩვენი პარტიიდან გავრიცხეთ ნაციონალებთან თანამშრომლობის გამო. როდესაც ამ პიროვნების სიაში აღმოჩენაზე დავსვით კითხვა, ნათელაშვილმა გვითხრა, ის არის სერიოზული ბიზნესმენი, სამხრეთ საქართველოს გაზიფიკაციის ხელმძღვანელი და ის დაგვიფინანსებს საარჩევნო კამპანიასო. ასეც მოხდა – უცებ პარტიის ანგარიშებზე გაჩნდა სერიოზული შემოწირულობები, სხვა გვარებით…
– გინდათ თქვათ, რომ ინფორმაციები, თითქოს შალვა ნათელაშვილი სიის ათეულში ადგილებს ყიდდა, მართალია?
– ამას ის არც მალავდა. ათეულში 2-3 ბიზნესმენი ყოველთვის იწერებოდა, რომელიც საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ეს არც ერთი პარტიისთვის არ არის უცხო. ყველა აკეთებდა ამას და მათ შორის შალვა ნათელაშვილიც. მისი არგუმენტი ასეთი იყო, – საარჩევნო კამპანია მილიონ ლარამდე ჯდება და ეს ფული მე საიდან უნდა მოვიტანოო.
– 2008-ში პარლამენტს თქვენ ბოიკოტი გამოუცხადეთ…
– დიახ, ასე იყო… თუმცა თედორაძე შევიდა პარლამენტში… ამ პერიოდში ნათელაშვილი ცხოვრობდა წერეთელზე, ნაქირავებ ბინაში, დადიოდა ძველი „ვოლგით“, რომელსაც ხან საბურავი დაეშვებოდა, ხან სალონში შედიოდა გამონაბოლქვი, სოფელ ბაზალეთში კი ჰქონდა მისი ძალიან პატიოსანი მშობლების აშენებული პატარა ქოხი ბელეტაჟზე, ორი ოთახით… უცებ 2008 წლის შემდეგ იწყება მისი წარმოუდგენელი ქონებრივი აღზევება – ყიდულობს ოთხოთახიან ბინას სპორტის სასახლესთან, რომლის რემონტში იხარჯება წარმოუდგენელი თანხები. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, გვიყვება, – მარტო უნიტაზი ხუთჯერ შეგვაცვლევინა ქალბატონმა ბელა ალანიამო… ყიდულობს რამდენიმე მანქანას – „მერსედესის“ ჯიპს, „ტოიოტა პრადოს“ და „ეს“ კლასის, ლიმუზინის მსგავს „მერსედესს“, აკეთებს ესკორტს და ბაზალეთში იწყება ოთხსართულიანი სასახლის მშენებლობა თავისი ასტროფიზიკის ობსერვატორიით მეხუთე სართულზე. აქ რემონტს უკეთებდა ერთ-ერთი ლეიბორისტი, რომელმაც მოგვიყვა, რომ უძვირფასესი მარმარილოთი და გრანიტით ხდებოდა იატაკის, კიბეების, საცურაო აუზებისა და ბუხრების მოპირკეთება. შეუკვეთა ლიფტი, რომლის ფასიც არის 45 ათასი ევრო. გაოგნებულები დავრჩით.
– არ ჰკითხეთ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მისი უკვე აღარ გვჯეროდა. მან გვითხრა, რომ ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ბიზნესმენი უკეთებდა ამ რემონტს. შემდეგ გაირკვა, რომ ავსტრიაშიც უყიდია სახლი, ამაზე ამბობდა, რომ გულზე გამოკვლევების დროს რომ ჩადიოდა, იქაური ქართველები უგროვებდნენ ფულს (შალვა ნათელაშვილის დეკლარაციებში ბელა ალანიას სახელზე ავსტრიულ ბანკში, ვენაში 2010 წელს 98 ათასი, 2011 წელს 117 500, მოგვიანებით კი, 2012-ში 118 ათასი ევრო ირიცხება ანაბარზე. – მ.ნ.)…
– საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს მისი განსაკუთრებული აგრესიულობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რა არის ამის საფუძველი?
– 2011 წლის 17 ოქტომბრიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მისი დაფინანსება. ეს ის თარიღია, როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შემოდიოდა პოლიტიკაში. არადა, თუ გახსოვთ, 2007-ში, როდესაც ნათელაშვილი თავის საპრეზიდენტო კამპანიას ახორციელებდა, ის ამბობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს შესთავაზებდა პრემიერის პოსტს. ესეც მისი ორმაგი სტანდარტები… შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო, როდესაც მან 2011 წლის 17 ოქტომბერს მოაწყო აქცია ივანიშვილის სახლთან… თურმე მაშინ მას ამერიკაში საქართველოს ელჩისგან, კახა ლომაიასგან მიუღია მითითება ამ აქციაზე. ეს ყველაფერი ჩვენს ზურგს უკან ხდებოდა და იმის ნაცვლად, რომ სხვა პარტიებთან ერთად სააკაშვილის წინააღმდეგ გვებრძოლა, პირიქით, მისი დამცველები გამოვდიოდით. ჩვენი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც 2012 წლის არჩევნებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, მივიღეთ ერთი პროცენტი. 2013 წლის 6 იანვარი იყო, მოვიწვიეთ პოლიტსაბჭოს სხდომა და მას პირზე დავაყენეთ ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ისრაელის მოქალაქე ანატოლი მოტკინმა მას მიუტანა 5 მილიონი იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენს პარტიას უნდა ელანძღა ბიძინა ივანიშვილი და ყველა პარტია, რომელიც კოალიციაში იყო გაერთიანებული. ამის გარდა, ამ ადამიანმა ჩვენს თვალწინ უთხრა, რომ მას დაწყებული ჰქონდა ამ ფულის გავახშება – ხელშეკრულებები დავუდეთ წინ, როგორ აპროცენტებდა ფულს მისი ოჯახის წევრი. ვუთხარით, რომ ვაპირებდით ყრილობის მოწვევას. გვითხრა, ერთი თვე მომეცით დრო და მე თვითონ გადავდგებიო. მოგვატყუა და ჩვენ წავედით პარტიიდან.
– როგორ წარმოგედგინათ „ლეიბორისტული პარტია“ ნათელაშვილის თავმჯდომარეობის გარეშე?
– რა, დიქტატურაა? მანამდეც ეჭვს იწვევდა, რატომ იყო 20 წლის განმავლობაში პარტიის უცვლელი თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა პარტიაში…
– ეს, რაც მოყევით შიდა პოლიტიკური საქმიანობაა პარტიის. საინტერესოა ნათელაშვილის საგარეო ურთიერთობებიც… ბოლოს და ბოლოს, რა ორიენტაცია აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“?
– შალვა ნათელაშვილი ყოველთვის ეწეოდა ორმაგ თამაშს. ის ყოველთვის აცხადებდა, რომ არის პრორუსული პარტია, მაგრამ ამას ასე ფუთავდა, რომ ის მხარს უჭერდა საქართველოს მიუმხრობელ პოლიტიკას, ისევე როგორც ბრაზილია, ინდოეთი და ა.შ. ამით ის ამბობდა, რომ საქართველო არ უნდა გაერთიანდეს ნატო-ში. 2011 წლიდან ის უცებ გახდა პროამერიკელი, დაიწყო შტატებში სიარული. დღესაც აგრძელებს ის კონგრესში შეხვედრებს. ამ დროს კი ზურგს უკან წერს წერილებს ჟირინოვსკის, მას პატრიოტულ ძალას უწოდებს და სთავაზობს გაერთიანებას, წერს პუტინს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცნობს თავს და სთხოვს შეხვედრას, რათა ერთად იბრძოლონ ამერიკული ჰეგემონიის წინააღმდეგ, წერს კობზონს და მეგობრობის გაღრმავებას ევედრება…
– თქვენ რატომღაც ამ ბოლო დროს გააკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ნათელაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ პროგრამა „ვრემიაში“ გამოვიდა და რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ბრბო უწოდა. ამის შესახებ ადრე არ იცოდით?
– ამის შესახებ ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი. მე მოვითხოვე რუსეთიდან ამ საარქივო მასალის გამოგზავნა, მაგრამ უარი მივიღე. უარი მითხრა ჩვენმა საზოგადოებრივმა ტელევიზიამაც არქივის გახსნაზე, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ასე იყო – ნათელაშვილმა ის კი არ თქვა, რუსული ალესილი ნიჩბებით რომ დახოცეს აქ ხალხი, არამედ მათ ბრბოდ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ადამიანები იქ ჭყლეტის დროს დაიღუპნენ. ამის შემდეგ შალვა მოსკოვში, დიპლომატიის აკადემიაში წაიყვანეს, რათა იქ დაემთავრებინა სასწავლებელი და უშიშროების მიერ ხელდასხმული წარმატებული დიპლომატი გამხდარიყო.
– სხვათა შორის, თავის დროზე შალვა ნათელაშვილი ამერიკაში აგზავნიდა წერილებს, რათა გაეწვიათ ელჩი, რადგან ის „შეკრული“ იყო „მოქალაქეთა კავშირთან“, მერე იგივეს ითხოვდა ნაციონალების დროსაც… რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს ის და რეალურად სად არის ნათელაშვილი თავისი საგარეო ორიენტაციით?
– მეტსაც გეტყვით, იგივეს აკეთებდა ის, როდესაც რიჩარდ ნორლანდის გაწვევას ითხოვდა, იმ მიზეზით, რომ ის ივანიშვილთან იყო შეკრული და როდესაც ნორლანდი მართლაც გაიწვიეს, ის ამას საკუთარ მიღწევად თვლიდა. ითხოვს „ენდიაის“ დახურვას და ა.შ…
– გამოდის, რომ ის მთლად ნაციონალებთან შეკრული არ არის?
– „ნაციონალური მოძრაობაც“ არ არის ერთგვარი. მისი ნაწილი მხარს უჭერს ფარულ ალიანსს ნათელაშვილთან, მაგრამ ბოკერიას ფრთა ამის წინააღმდეგია. ამიტომაც არის, რომ, ერთი მხრივ, ის 100 ათას ლარს ურიცხავს ნიკა გვარამიას ტელევიზიას (შატბერაშვილმა წარმოადგინა 2016 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება, რომელიც სარეკლამო დროის შესყიდვისთვის 100 ათას ლარზე გარიგებას ადასტურებს. – მ.ნ.), როცა იგივე მომსახურებისთვის სხვა ტელევიზიებს მხოლოდ 6 და 7 ათასს უხდის და ამავდროულად იწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმამაღლა გინებას. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ძალაში უპირატესობა ბოკერიას ფრთამ მოიპოვა და დაფინანსება შეუწყვიტეს ნათელაშვილს. ამიტომაც, ერთი მხრივ, აქებს „რუსთავი 2“-სა და გვარამიას, მეორე მხრივ კი, იწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განცხადებების კეთებას.
– დღეს თქვენ და ნათელაშვილი ერთ საარჩევნო ოლქში უპირისპირდებით ერთმანეთს. როგორია თქვენი რეიტინგები?
– ლეიბორისტების რეიტინგები მათ საყვარელ „რუსთავი 2“-ზეც კი ძალიან დაბალია. არც ჩვენია მაღალი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მოსახლეობა ყველაფერს ობიექტურად შეაფასებს. ჩვენ გამარჯვების იმედი გვაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები