ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები.
”საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი, გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები. ამასთან, სებ-ი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.
მნიშვნელოვანია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის რეჟიმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ანალიზი სებ-ის მიერ მუდმივად ხორციელდება, რაც, ასევე, განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ”თი ბი სი ბანკი” ”ბანკი რესპუბლიკას” შეძენას გეგმავს. ”თიბისი ბანკის” მიერ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების ყიდვასთან დაკავშირებით დღეს ”თი ბი სი ბანკის” სათავო ოფისში, 16:00 საათზე საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები