ვის ადანაშაულებს ზურაბ ტყემალაძე ცესკოს მიერ „მრეწველებისთვის“ რეგისტრაციის შეჩერებაში

„თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ცესკოს თავმჯდომარე პრინციპული იყო, რადგან საუბრის დასაწყისშივე მითხრა სასამართლოსთვის მიმემართა, როცა მოკვლევა ჯერ არ დაუწყიათ“,- ამის შესახებ „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა,  გაუგებრობა გუშინ დაიწყო.
„ნაციონალური მოძაობის“ ცესკოს წევრი ითხოვდა აქტის შედგენას, იმ მოტივით, რომ ვითომ რამე დავაგვიანეთ, რაც აბსურდია, რადგან ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მალევე ჩავაბარეთ სია და დროში ჩავეტიეთ. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ 29 პოლიტიკური სუბიექტიდან 28-მ გაიარა რეგისტრაცია, ის ერთი, ვისაც არ გაუვლია, “ედპ”-იყო და შემდეგ რა მოხდა და რა შეიცვალა არ ვიცი“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე.
ტყემალაძე მიიჩნევს, რომ საკითხი ჯერ სათათბირო ორგანოს გადასაწყვეტია. მისივე თქმით, შეხვედრის დროს ცესკოს თავმჯდომარემ ტენდენციურობა გამოიჩინა.
„ჟვანიასთან შეხვედრის დროს მივხდი, რომ ის ძალიან ტენდენციური იყო, მასზე ზეწოლას ახდენს „IRI“, ეს თვითონვე მითხრა. ამიტომ “IRI”-საც “ვთხოვ, “NDI”-საც ვთხოვ, დაანებონ თავი ჩარევას, ამოვიდა ყელში მათი დიქტატი“, – აღნიშნა ტყემალაძემ.
ტყემალაძე ვარაუდობს, რომ საქმე სასამართლო ინსტაციამდე მივა.
“ჩვენ გავაგზავნეთ გასწორებული ვარიანტი.გვქონდა ტექნიკური ხარვეზი – პირადობის მოწმობის ასლების ამობეჭდვის დროს, წაშლილი იყო ნულები და გამოვასწორეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხს ხვალ გაგვაგებინებენ, თუ გადაწყვეტილება უკვე არ აქვთ მიღებული. თუ კვლევის შემდეგ უარყოფითი პასუხი მოგვცეს, სასამართლოს მივმართავ და არჩევნებამდე მოესწრება ეს პროცესი“, – განაცხადა ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
ცესკოს მოკვლევისთვის 3 დღის ვადა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები