პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლევან დავითაშვილმა შეცვალა. ახალი მინისტრი მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკავა, მანამდე კი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
„ლევან დავითაშვილს 2 წელია უკავია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი, ხოლო მანამდე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ლევანი არის პროფესიით ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრია, ლევანს აქვს არასამთავრობო სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. წლების განმავლობაში მუშაობდა აგრარული დარგის განვითარებისათვის USAID-ის პროგრამის ფარგლებში და ასევე იყო მსოფლიო ბანკის ბიზნესკონსულტანტი. აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ლევანთან არის დაკავშირებული ღვინის ექსპორტის კუთხით ბევრი წარმატება უკანასკნელი წლების განმავლობაში და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მას წარვადგენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე. ეს დარგი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელიამ მინისტრის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც პარტია „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ის მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ერთ-ერთი ასეთი თანამდებობა მინისტრის თანამდებობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები