გიორგი კვირიკაშვილი: შეგვწევს უნარი, უზრუნველვყოთ თვისობრივად სხვა წინასაარჩევნო გარემო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ასევე, შეიცვალა ამომრჩევლის დამოკიდებულება პოლიტიკისა და წინასაარჩევნო პროცესისადმი.
პრემიერმა მხარდამჭერებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ აბსოლუტურად ერთნაირი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის.
„ეს გამოიწვია იმ ნეგატიურმა გამოცდილებამ, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო და დღეს ამომრჩეველი ყველაფერს სხვაგვარად აფასებს. სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ყველა მხარდამჭერს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ აბსოლუტურად ერთნაირი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის, არ იყოს არანაირი პრეფერენციები და უზრუნველყონ თანაბარი წინასაარჩევნო გარემო. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სხვანაირი ხელწერა და დარწმუნებული ვართ, შეგვწევს უნარი, უზრუნველვყოთ თვისობრივად სხვა წინასაარჩევნო გარემო, ჩვენ მოვიწვიეთ ყველაზე მეტი დამკვირვებელი საქართველოს ისტორიაში, რათა ისინი დააკვირდნენ მთელ წინასაარჩევნო პერიოდს და შეაფასონ ის ცვლილება, რომელიც დღეს არის საქართველოში. ასევე, მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს: ძალადობა და ის მეთოდები, რომლებიც წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამკვიდრა, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებენ დადებითად. ამიტომ, ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერებს ყოველგვარი კონფრონტაციისგან თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები