გურამ ადამაშვილი: 2012 წლამდე არანაკლები პრემიები გაიცემოდა, უბრალოდ მაშინ კარჩაკეტილი სივრცე იყო და ტელევიზიებს უფლება არ ჰქონდათ გაეშუქებინათ

„წლევანდელი არჩევნები არის სხვა არჩევნებისგან  ძალიან განსხვავებული და პოზიტიური, რადგან საზოგადოებას უფრო მეტი არჩევანის საშუალება აქვს“,-განაცხადა ანალიტიკოსმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე გადაცემა „არჩევნები 2016“-ში. „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი ახალი სახეების შესახებ დასმული კითხვის პასუხად კი „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტს მიესალმება.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ მხრიდან ცვლილებას, ცვლილება საინტერესოა და იმ პროცესთან ასოცირდება, რომ ქვეყანაში სხვა ძალა, სხვა რესურსი, სხვა ენთუზიაზმი მოდის, იმისთვის რომ სხვადასხვა მიმართულება უფრო განვითარდეს“,-განაცხადა ადამაშვილმა. მან ასევე პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას მეტი კომუნიკაცია სჭირდება.

„საზოგადოების შეხედულებას ვაკვირდებოდით 3 წლის განმავლობაში, ვატარებდით კვლევებს, ვიგებდით ხალხის აზრს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებას სჭირდება კომუნიკაცია, ურთიერთობა. ხალხი ამა თუ იმ პოლიტიკოსს აფასებს იმ ნიშნით თუ რამდენად არის საზოგადოებისთვის განკუთვნილი და რამდენად ახერხებს საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას სასიკეთოდ“,-თქვა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას არ უყვარს იმაზე საუბარი თუ „რა გაფუჭდა“, რადგან საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის.

„არ მიყვარს საუბარი იმაზე თუ რა გაფუჭდა, საზოგადოებამ კარგად იცის, რაც გაფუჭდა და რაც გაკეთდა. „ნაცმოძრაობას“ დიდი მინუსები ჰქონდა, ერთ-ერთი პირველია – ღირსება და ადამიანის ღირებულება. 2012 წლის შემდეგ საზოგადოებამ ნახა, რა შეიცვალა და რა განვითარდა. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს გააფუჭოს სიტუაციები ამა თუ იმ სფეროში“,-განაცხადა ადამაშვილმა და ბოლო 4 წლის განმავლობაში პარლამენტის მუშაობის მაგალითი დაასახელა.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში პარლამენტის მუშაობას რომ დავაკვირდეთ, ბევრი ისეთი ინიციატივა იყო სხვადახვა მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან, რომელიც ხალხის კეთილდღეობას უნდა მომსახურებოდა. მაქვს ინფორმაციები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხანდახან მიზანმიმართულად ცდილობდა ესა თუ ის კანონპროექტი არ გასულიყო, თუნდაც იმიტომ რომ საზოგადოებაში პოპულარობა არ მოეპოვებინა „ქართულ ოცნებას“. ასეთი კინკლაობა ანგრევს ქვეყანას, ანგრევს საზოგადოებას და ყველა იმ სფეროს, რომელიც საქართველოში ვითარდება. მინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხისკენ მიმართული იქნება და კინკლაობის ნაცვლად, მიხედავენ საქმეს, გააკეთებენ ყველაფერს, რაც საზოგადოებისთვის დადებითი იქნება“,-აღნიშნა „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გარდა ამისა, გურამ ადამაშვილმა გადაცემაში მიწვეული მეორე სტუმრის, ექსპერტ ნიკა ჩიტაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ 2012 წლამდეც გაიცემოდა სხვადახვა თანამდებობის პირებისთვის პრემიები, მაგრამ მაშინ მედია ვერ აშუქებდა, რადგან უფლება არ ჰქონდა.

„2012 წლამდე არანაკლები პრემიები გაიცემოდა, უბრალოდ მაშინ კარჩაკეტილი სივრცე იყო და ტელევიზიებს უფლება არ ჰქონდათ გაეშუქებინათ, მაშინდელ ხელისუფლებას არ ჰყავდა ოპოზიცია, როგორც დღეს ჰყავს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. საზოგადოება ვაკუუმში იყო. ზოგადად, წახალისებას მივესალმები, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ ეს საზოგადოების ხარჯზე მოხდეს და თანამდებობებით ბოროტად ისარგებლონ“,-განაცხადა „პოზიციას“ დირექტორმა.

გურამ ადამაშვილმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ პარტიას საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაკლებობა აქვს.

„ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ „ქართული ოცნების“ დიდი მინუსი არის ის, რომ მათ ქმედებებს აკლია პიარი, მაშინ, როცა სააკაშვილი მილიონებს ხარჯავდა პიარში. არის ბევრი რამე გაკეთებული, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. ეს მიმართულებაა, რომელიც გამოსასწორებელია და ყურადღებამისაქცევია. ის, რომ ქუჩაში არ იჭერენ და არ კლავენ, ის, რომ მედია თავისუფალია, ბევრს ნიშნავს. დაუნახაობა ყველაზე დიდი დანაშაულია, მაგრამ როცა ხელისუფალი ხარ, საზოგადოება ნომერ პირველი თემა უნდა იყოს“,-განაცხადა მან.

„პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას მოუწოდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქრდნენ არჩევანის წინ, შეაფასონ ვინ სად იყო და რას ემსახურებოდა და მომავალი სწორი არჩევანით განსაზღვრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები