ლაგაზიძემ პარტია მისი სიაში ჩაუწერლობის გამო დატოვა

გუშინ საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო დღე იყო. ბევრი ვარაუდობდა, რომ სიების წარდგენის შემდეგ, ბევრი განაწყენებული დარჩებოდა და ასეც მოხდა. ერთ-ერთი, ვინც სიაში ვერ მოხვედრის გამო პარტია დატოვა, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ლაგაზიძე გახლავთ. ყოფილ (თუ უკვე ისევ მოქმედ) ექსპერტს ბოლო დღემდე სჯეროდა, რომ სიაში იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შიდა ინფორმაციით, ის არათუ სიის პირველ ოცეულში, არამედ საერთოდ არ ჩაწერეს. შიდა დაპირისპირება იმ მიზეზსაც მოყვა, რითაც ლაგაზიძეს სიაში არ ჩაწერა აუხსნეს, რომ მას პარტიისთვის არანაირი პოზიტივი არ მოჰქონდა.
წავიდა ლაგაზიძე და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.
„ფაქტი არის ის, რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით, ფულზე გაყიდა პარტია, გაყიდა ხალხი, ვინც მის გვერდით იყო ამ თვეების განმავლობაში, გაყიდა საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც მას ენდობოდა და გაყიდა იდეა, რისთვისაც მოდიოდა. ამის დამადასტურებელი არის ის საპარლამენტო სია, რომელიც მან დადო. როდესაც შედგა ეს გაერთიანება, ეს ბლოკი ე.წ. გირჩს, ვაშაძეს და პაატა ბურჭულაძეს შორის, მაშინ არგუმენტი ამის ერთადერთი იყო ის, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იყო პარტია და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო, რომ ეს იყო იძულებითი გზა, რომელსაც პარტიის გადარჩენა შეეძლო“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, სიის პირველ 12 კაცში პარტიიდან მხოლოდ სამი ადამიანია მოხვედრილი.
„პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი გუნდი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტია ის სია, რომელიც მან დადო“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.
მოკლედ, ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში მედია ამტკიცებდა, ნელ-ნელა გარეთ გამოდის და კულუარული ინფორმაციები მართლდება. ეჭვი გვაქვს, ლაგაზიძე მარტო არ იქნება და მას მალე ბევრი აუბამს მხარს.

წყარო: For.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები