მიხეილ ჯანელიძე: კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოსადმი დიდ ინტერესს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოსადმი დიდ ინტერესს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს, ტედ პოსა და ჯერარდ კონელის, რომლებიც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.
“რეზოლუციამ ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ჩვენი აქტიური მუშაობითაც. არაერთი ვიზიტი განხორციელდა, რათა მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. შესაბამისად, 33-მა კონგრესმენმა გამოთქვა ამ რეზოლუციის სპონსორობის სურვილი და შემდეგ უკვე 410 მხარდამჭერი ხმით გავიდა. ეს ხაზს უსვამს საქართველოსადმი დიდ ინტერესს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, სადაც აქტიურად განიხილება ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს. აქტიურად განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმულია, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია და გამოხატულია აშშ-ის მტკიცე პოზიცია, რომ ის არასდროს არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასევე, ხაზგასმულია თანამშრომლობის საჭიროება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არამარტო აშშ-ის ადმინისტრაცია, არამედ კონგრესიც საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 6-მა მისცა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი. რეზოლუციის ავტორები რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გარდა ამისა, რეზოლუცია შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებს, გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.