არსებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძემაც დატოვა
ხათუნა ლაგაზიძემ პარტია “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, ლაგაზიძე ადასტურებს, რომ დატოვა პარტია და ბლოკი.
“როგორც ვიცი, ის აგრძელებს პარტიასთან “სახელმწიფო ხალხისთვის” თანამშრომლობას და თავის თავს უფრო სხვა მიმართულებით ხედავს, ამის შესახებ სხვა ინფორმაცია არ მაქვს, სიის გამოცხადების შემდეგ მე მასთან კონტაქტი არ მქონია, ალბათ, თანაგუნდელები გააკეთებენ დეტალურ განცხადებას, ჩემი ინფორმაციით, ეს სიასთან კავშირში არ არის”, – განაცხადა “პაატა ბურჭულაძე – პლატფორმა საქართველო ხალხისთვის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “იბერიას” ეთერში.
პარტიის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ლაგაზიძემ უარი თქვა საარჩევნო სიაში ყოფნაზე, თუმცა პარტია არ დაუტოვებია.
“კვირა” ინფორმაციის გადამოწმებას ხათუნა ლაგაზიძესთან შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.