ივანიშვილი პატრიოტთა ალიანსზე: თუ ნატოში შესვლაზე თანახმანი არიან, კეთილი ინებონ და რაღაც სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსს“ საქართველოს სტრატეგიული ღირებულებების პატივისცემას ურჩევს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პარტიის წევრებმა ამომრჩევლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რა უნდათ და საით უნდათ ქვეყნის წაყვანა.
„ძალიან იმოქმედა ჩემზე ევროკავშირის ელჩის განცხადებამ. მასთან რამდენიმე თვის წინ მქონდა შეხვედრა და ის მოვიდა „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრიდან. ირმა ინაშვილთან ჰქონდა შეხვედრა და გაოცებული იყო, ვკითხე , ევროკავშირი გინდათ? – კიო, გვინდაო, ნატო გინდათ? – კიო და ეს ჩამრჩა მეც, რომ ისინი ძირითად მიმართულებას მხარს უჭერენ. ბოლო დღეებში მე გადავავლე თვალი მათ გამონათქვამებს და რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება.
როდესაც, გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპა ეომება ჩვენს მართლმადიდებლობას და საბერძნეთის მაგალითი მოჰყავთ, რაც აბსოლუტური ნონსენსია, ისინი დიდ კითხვის ნიშანს აჩენენ. განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირთან დაკავშირებით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას აკრიტიკებენ, კრიტიკული გამონათქვამები აქვთ ჩვენს მთავარ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით-ეს დიდ კითხვის ნიშნს აჩენს.
მე ვთხოვდი, რომ მათ ამომრჩევლებთან დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ საზოგადოებას, მათ შორის მეც, კარგად გაგვეგო თუ უსაფრთოხებაზე საუბრობენ და ნატოში შესვლაზე თანახმანი არიან, კეთილი ინებონ და რაღაც სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ ნატოსთან დაკავშირებით და ჩვენს ძირითად პარტნიორთან- აშშ-სთან დაკავშირებით.
აი, ეს არის დაახლოებით ის, რასაც ვიტყოდი „პატრიოტთა ალიანსზე“ და მე თვალს მივადევნებ. ამას მოვუწოდებ ამომრჩეველსაც. კარგად დააკვირდით, რა უნდათ მათ და საით უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.