საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე სია 15 საარჩევნო სუბიექტს აქვს შეტანილი – კანდიდატების წარდგენა დღეს სრულდება
დღეს, 18.00 საათზე საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა სრულდება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე სია 15 საარჩევნო სუბიექტს აქვს შეტანილი.
„მას შემდეგ, რაც საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი იქნება პარტიული სია, ცესკოს სათანადო სამსახური, 10 დღის ვადაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას- ან იქნება პარტიული სია რეგისტრაციაში გატარებული ან იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზები იქნება აღმოჩენილი, სია დაუბრუნდება საარჩევნო სუბიექტს, რომელსაც ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად 3 დღე ეძლევა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.