მიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.
საუბარი შეეხო ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზებს, აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს თავისი როლი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ ჯანელიძემ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. სადილის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხო.
დეტალურად იქნა განხილული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი და საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებასაც. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა, კიდევ უფრო ეფექტურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ალიანსში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში.
აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.