ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი თავმჯდომარეს და მდივანს ფიზიკურად გაუსწორდა
ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დავით მეტრეველმა თავმჯდომარეს, იმედო ლაცაბიძეს ჭიქა ესროლა.
„თათბირი გვქონდა. მეტრეველი ჯერ საოლქო კომისიის მდივანს, ლია პირმისაშვილს უყვიროდა და შემდეგ მე. რამდენიმე დღის წინ ის ე.წ. საარჩევნო ბადეს ითხოვდა და ამბობდა, რომ პარტიაში წასაღებად სჭირდებოდა.
ჩვენ ავუხსენით, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადება უნდა დაეწერა. განცხადება მართლაც დაწერა და პასუხიც მიიღო, თუმცა ცესკოში ჩავიდა და გვიჩივლა, რომ თურმე ინფორმაციას არ ვაძლევდით.
ჭიქა მესროლა, ავიცილე. ის ჯერ კედელს მოხვდა და შემდეგ მდივანს”, – ამბობს იმედო ლაცაბიძე. მომხდარ ფაქტს ოლქის მდივანი ლია პირმისაშვილიც ადასტურებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეტრეველი პარტიის სახელით ვეღარ ისარგებლებს და საოლქო კომისიის წევრობის მოვალეობიდანაც მოხსნილია.
საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე, უკვე დაიწყო.