ნატო მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. საუბარი შეეხო ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზებს, აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.