ბიძინა ივანიშვილი: ნარმანიას კორუმპირებულობაზე არასოდეს მსმენია, ფერაძისა და ასეთი უპასუხისგებლო ადამიანების გარდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერს, დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციას უწუნებს, თუმცა ამბობს, რომ ნარმანიას მმართველობის დროს თბილისი ძალიან განვითარდა.
როგორც ივანიშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ მოახერხა თემის აგორება და მერიის წინ ნარმანიას კარვები დაუდგა.
თემაზე საუბრისას, ყოფილმა პრემიერმა „პარტიზანი მებაღე“ – ნატა ფერაძეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ უარგუმენტო და უპასუხისმგებლო სახეა.
„ნარმანია არის ძალიან მეთოდური, განათლებული და კარგი მენეჯერი. საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა და შეეშალა ბოლო დროს, მაგრამ ზოგადად, სტანდარტებს იცავს. მთლად უნაკლო არ არის ნამდვილად, თუმცა შეადარეთ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისი და დღევანდელი. ნარმანიას დროს მეტად განვითარდა დედაქალაქი. შეადარეთ წინა თბილისი, როგორ იმართებოდა. თბილისი არის რთული სამართავი და ნარმანიამ ეს მოახერხა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა თემის აგორება. ფერაძე – როგორია ეს ქალბატონი? -ეს არის სახე „ნაციონალური მოძრაობისა“. ეს ხალხი უწევს ოპონირებას დღეს ნარმანიას და კარვებს უდგამენ. ნარმანიას კორუმპირებულობაზე მინიშნება არასოდეს გამიგია, გარდა ფერაძისა და ასეთი უარგუმენტო, უპასუხისმგებლო ადამიანებისა“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები