ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ პრეზიდენტ მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ კოალიციაში საკუთარი რესურსის პოზიტიურად გამოყენება ვერ მოახერხეს.
როგორც ივანიშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტია“ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეცდომებზე არ მიუთითებდა.
„მათ ობიექტურობას მინდა გავუსვა ხაზი. არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა. არაფრით არ შეიძლებოდა ამის ასე გაშვება და უნდა გვეთქვა ის, რაც სწორია.
ის კაცი პრაქტიკულად უკანონოდ შევიდა იმ სასახლეში და იყენებს ექვსჯერ მეტ სასახლეს, რაც არ სჭირდება. ხარჯავს მოსახლეობის ფულს დაახლოებით 10 მილიონ ლარს წელიწადში. მიუხედავად ამისა, გამოვიდა საჯაროდ უსუფაშვილი და ეს „გააპრავა“, ელემენტარული მიზეზის გამო, ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო,  ვნახეთ.
ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილს და პრაქტიკულად მან თავისი თავი გაინულა, როგორც პოლიტიკოსმა.
დავით ბერძენიშვილი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა პარტიაში და ამაყობდა, მარგველაშვილს რომ არ აკრიტიკებდა, რამეთუ არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. აბსურდია ეს, რადგან ახლადდანიშნულ პრეზიდენტს, სწორედ ინსტიტუტის გასაძლიერებლად, უნდა მიანიშნო, რომ არ იქცევა სწორად. ესეც ერთ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ – მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ.
მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა და ამათაც ვერაფრით ვერ დაეხმარა. მათ არათუ ვერ მოახერხეს კოალიციაში საკუთარი რესურსის პოზიტიურად გამოყენება, არამედ ძალიან ხშირად გუნდში მდგომნი ოპოზიციად გვევლინებოდნენ. ყველაზე დიდი უნიჭობა, რაც გამოავლინეს, ის არის, რომ პასუხისმგებლობა ვერ გაიზიარეს.
ახალმა ხელისუფლებამ უამრავი კარგი საქმის გაკეთება მოახერხა. არც ერთი უხეში შეცდომა და გადაცდომა მე არ ვიცი. თუმცა იქნებოდა გადაცდომები, იდეალურად ვერავინ ვერ მართავს, ნაცვლად იმისა, რომ თვითონაც იამაყონ, გადმოხტნენ და თითქოს საერთოდ არ მიუღიათ არაფერში მონაწილეობა, კრიტიკაზე გადაერთნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები