მანანა ნაჭყებია: ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ მეორე პოლიტიკური ძალა
“ქართულ ოცნებას“ მყარ ოპონენტად მომავალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდება. ჩვენ მომავალ პარლამენტში აღარ გვინდა „ნაციონალური მოძრაობა“. დივერსიის მოწყობაზე საუბარი დღეს მხოლოდ მმართველ გუნდს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ. ხელოვნურად შექმნილ სტრესულ გარემოში ჩვენ არ გვექნება საშუალება, პროგრამა სრულყოფილად წარვადგინოთ“, -განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
ბლოკ „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბის ოლქში მანანა ნაჭყებია „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ წარსულად თვლის და მიიჩნევს, რომ მის ერთ-ერთ სალიდერო პოზიციაზე ყოფნას ხელს „ქართული ოცნება“ უწყობს.
მან, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საუბარი მოსალოდნელ დივერსიაზე გადაჭარბებულად შეაფასა.
ნაჭყებია ბურჭულაძის ბლოკის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებას სიცრუეს უწოდებს. მანანა ნაჭყებიამ აქცენტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც გააკეთა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევების ობიექტურობა ბლოკის დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეჭვქვეშ დააყენა.
“ამ კვლევების მიხედვით, რაც მე გავიგე, თავიდანვე არასწორად იყო დასმული კითხვა, კითხვაზე „ როგორ გგონიათ, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში?“ ცხადია, ხშირად მმართველ გუნდს ასახელებენ.ბლოკი ამ ეტაპზე მოიაზრება მესამე სალიდერო პოზიციაზე, ჩვენი მიზანია, ჩავანაცვლოთ ეს მესამე მეორე ადგილით.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოიაზრებოდეს მეორე ძალად ხელისუფლებაში. ჩვენ გვექნება პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ ძალად მოსვლაზე“, -განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა ნაჭყებიამ.