მანანა ნაჭყებია ბურჭულაძეზე განმარტებას აკეთებს: ეს განცხადება გახდა გარკვეული ადამიანების ქილიკის მიზეზი

„დიღმის მასივი ჩემთვის მშობლიურია, დაახლოებით 40 წელი ვიცხოვრე აქ ჩემს ოჯახთან ერთად, ამიტომ გადავწყვიტე კენჭისყრა სწორედ დიღმის მასივში. მე ვფიქრობ, რომ ინფრასრუქტურული თვალსაზრისით, დიღმის მასივი ყველაზე მოწესრიგებულია“, -ეს განცხადება ბლოკი „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდუბის მე-16 ოლქში, მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მანანა ნაჭყებიამ ბლოკის ეკონომიკურ პროგრამაზე გააკეთა აქცენტი. სოციალური შემწეობების თემაზე პაატა ბურჭულაძის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტების გაკეთება დღეს მანანა ნაჭყებიასაც მოუწია.
“პაატა ბურჭულაძის ეს განცხადება გახდა გარკვეული ადამიანების ქილიკის მიზეზი. მე მგონი კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში იმდენი ადამიანი არ იღებს სოციალურ შემწეობას, რამდენსაც სინამდვილეში ესაჭიროება. ყველა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამ რიცხვს ზრდის, გამარჯვების შემდეგ კი ისევ ზღუდავს“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
პოლიტიკოსი ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბურჭულაძის ბლოკს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული, ეფექტური ეკონომიკური პროგრამა გააჩნია.
„ჩვენ გვაქვს გზავნილი ყველა მიმართულებით, ვინც არ არის დასაქმებული, იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება და ახალგაზრდებისთვისაც.
ჩვენი პროგრამით ქვეყანაში წახალისდება სამუშაო ადგილების შექმნა და ინვესტიციის მოზიდვა.
ჩვენ წავედით იმ გზით, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახდო სისტემის მქონე ქვეყანა“,-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში.
ბლოკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკი 2017 წლიდან მოგების გადასახადის გაუქმებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები