წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონება და კიდევ ერთი სასამართლო პროცესი „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ სასარგებლოდ

დაუბრუნდება თუ არა ყაჩაღობის გზით წართმეული „ღვინის ქარხანა №1“ კანონიერ მესაკუთრეს?!
2016 წლის 6 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენი, რომლის თანახმადაც, საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ ყოფილი დირექტორები თეიმურაზ კორტავა და ლევან დემეტრაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას (ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და თაღლითობას, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას გულისხმობს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, „2004 წელს სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხანაში“ შექმნილი იყო კატასტროფული მდგომარეობა და ყოფილი დირექციის, კერძოდ, ბატონ ლევან დემეტრაძისა და თეიმურაზ კორტავას მიერ არამიზნობრივად იყო გაფლანგული ან მითვისებული დაახლოებით 1.5 მილიონი აშშ დოლარი, დამატებით ამ თანხის დაახლოებით 350 ათასი აშშ დოლარი“.
სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, ადვოკატ ნანა წულაძის თქმით, “აქციონერები სამართლიანობის აღდგენას ხელისუფლების შეცვლის დღიდან ელოდებიან და დღემდე უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ წართმეული ქონება დაიბრუნონ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის საქმეში. გაგვიჩნდა იმედი, რომ „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ საქმე ბოლოს და ბოლოს, მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ერთ მშვენიერ დღეს, ყაჩაღობის გზით წართმეული ქარხანა კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდება.”
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პეტრიაშვილის ქუჩა №1-ში მდებარე უძრავი ქონების მითვისებას, რომელიც სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხანას“ ეკუთვნოდა. დღეისთვის კი ეს ქონება წარმოადგენს მიმთვისებლების, შპს „კატრის“ და მისი შვილობილი ორგანიზაციების საკუთრებას, რომელსაც დანაშაულის კვალის არევის მიზნით, სახელი შეუცვალეს და ახლა შპს „ღვინის №1 ქარხანა“ ეწოდება.
“აღნიშნული ქონების გადაცემა უკანონოდ, უფრო სწორად, ყაჩაღობის გზით განხორციელდა. ამ ქმედების მონაწილენი კი არა რიგითი ადამიანები, არამედ სამართალდამცავები და ხელისუფლების წარმომადგენლები გახლდნენ.
გამოძალვის საქმეში პირადად იყვნენ ჩართულები: „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კვარაცხელია, მხილებული მიხეილ უგულავა და საქართველოს ბანკის საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია. ამ ადამიანებმა მთელი რიგი უკანონო ქმედებები განახორციელეს _ უკანონოდ დააპატიმ-რეს და გაიტაცეს ადამიანები, იძულებითი გზით მიიღეს მათგან მოგონილი ჩვენებები, აიძულეს ქონების უსასყიდლოდ გადაფორმება და სხვა. ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, „სავანე ღვინის №1 ქარხანამ“ და აქციონერებმა ვერ მიიღეს 3-მილიონიანი კომპენსაცია, ვერ დასაქმდა 1200 ადამიანი, ბიუჯეტმა ვერ მიიღო მილიონობით შემოსავალი აქციზისა და სხვა გადასახადების სახით, ვერ განხორციელდა 35-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს მეღვინეობაში, მეღვინეობის ფლაგმანი გაიძარცვა და გაპარტახდა ღვინის საცავები, გაქურდულია ღვინის მარაგი, მიღებული და მითვისებულ-გაფლანგულია დაახლოებით 13-მილიონიანი სესხი” , _ ნათქვამია აქციონერების განცხადებაში სააქციო საზოგადოება „ღვინის №1 ქარხანა სავანეს“ აქციონერთა საინიციატივო ჯგუფის საგანგებო განცხადებაში.
როგორც ცნობილია, თავის დროზე ღვინის ქარხანაში მიხეილ სააკაშვილისთვის მარნის მოწყობა იგეგმებოდა. ამჟამად 120 წლის ისტორიულ შენობაში რესტორანია განთავსებული.
წყარო: “ახალი თაობა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები