იენს სტოლტენბერგი: თუ ხარ ძლიერი, შეგიძლია მონაწილოება მიიღო პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან

ნატო-რუსეთის საბჭო ნამდვილად არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც თუ იმუშავებს, შენარჩუნდება, – ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ დასმულ კითხვას ნატო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ.
”2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ნატომ გადაწყვიტა, რუსეთთან თანამშრომლობა შეეჩერებინა. ეს გადაწყვეტილება კვლავაც ძალაშია. რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა სხვა სახის თანამშრომლობა – არა. ჩვენ ასეთ პოლიტიკურ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ სხვა მიმართულებით არ ვთანამშრომლობთ. მნიშვნელოვანია ამ კომუნიკაციის შენარჩუნება”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, თუ ძლიერი სახელმწიფო ხარ, შეგიძლია მონაწილოება მიიღო პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან.
“ვარშავის სამიტის ერთ-ერთი მიღწევა არის ის, რომ ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკა, რომელიც ნამდვილად არის საერთო პოლიტიკა – ალიანსი გაერთიანებულია იმ იდეის გარშემო, რომ საჭიროა როგორც პოლიტიკური დიალოგის წარმოება, ასევე სამხედრო პოტენციალის გაძლიერება. არა მგონია, რომ ამ ორს შორის იყოს გარკვეული წინააღმდეგობა. პირიქით, თუ ჩვენ ვართ ძლიერი, თუ ჩვენ ვართ გაერთიანებული, თუ ჩვენ სათანადო თავდაცვას და შემაკავებელ ძალას წარმოვადგენთ, ნამდვილად შეგვიძლია რუსეთთან მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკურ დიალოგში. ამიტომაც ამაზე ვსაუბრობ არაერთგზის. მე ამის მჯერა. ჩემი ქვეყანა – ნორვეგია რუსეთის მოსაზღვრეა. პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ნორვეგიამ მოახერხა პრაგმატული ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია არის ნატოს წევრი. ის, რომ ძლიერი სამხედრო ალინსის წევრი ხარ, როცა ამ ალიანსის ძალას გრძნობ, ეს ნამდვილად საშუალებას აძლევს ქვეყანას ჰქონდეს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან ტრანსსაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის საკითხებთან, ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თუ ხარ ძლიერი, შეგიძლია მონაწილოება მიიღო პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან. რუსეთი არის ჩვენი დიდი მეზობელი. განსაკუთრებით, როცა უფრო მეტი დაძაბულობაა, არის სამხედრო აქტივობები, ეს საშუალებას გვაძლევს ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები