პრემიერ-მინისტრი: ჩემი პროგნოზით, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

ჩემი პროგნოზით, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ სინამდვილეში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც იყო ნაჩვენები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე, თუმცა ამ არჩევნების მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით მაღალია. შესაბამისად, მაღალია ფსონებიც.
ამიტომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას ამ შემთხვევაში და მმართველ პარტიას არჩევნების დემოკრატიულობაზე და გამჭვირვალობაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული იმისათვის, რომ ეს არჩევნები მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა საერთაშორისო დამკვირვებლებისა, იმისათვის, რომ მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 4 თვით ადრე გამოიცა არჩევნების განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან. ეს იყო კონსულტაციების შედეგი, ბუნებრივია და ის მთავრობის მიერ იქნა კონტრასიგნებული.
ეს ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის კუთხითაც უფრო მაღალია. წინასაარჩევნოდ გატარდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე და შეურაცხყოფაზე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ყველაზე მაღალი ამ პროცესში და სწორედ ამაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიასივრცე, როგორიც ნამდვილად არ ყოფილა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. მე აღარ ჩავუღრმავდები იმას, თუ რა იყო და რა არის. ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ გვქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები.
მე მაქვს პროგნოზები იმის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვიდრა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, როდესაც აღარ არის ზეწოლა მედიაზე და ზეწოლა ბიზნესზე, თავისუფლების დაცვის ინდექსი არის გაცილებით უფრო მაღალი, გაორმაგებული, ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და ხალხი, რა თქმა უნდა, მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები