მიხეილ ჯანელიძე : ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს ინტერესი, ორმხრივ რეჟიმშიც შეუწყონ ხელი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ყველა ქვეყნის მხრიდან ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული და ეკონომოკური განვითარების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და იმ პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
მისი თქმით, ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს დამატებითი ინტერესი და მზადყოფნა, ორმხრივ რეჟიმშიც ხელი შეუწყონ ამ პაკეტის განხორციელებას, რაც მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი, ეს არის მესიჯი საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომ ჩვენ ჩვენი რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მართლწესრიგსა და დემოკრატიას. ეს არის ის, სადაც საქართველო მიისწრაფვის და რაც არის საქართველოს არჩევანი“, – განაცხადა ჯანელიძემ.