იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის
„შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნატომ გადაწყვიტა, განემტკიცებინა თავისი არსებობა აღნიშნულ რეგიონში. სტოლტენბერგის თქმით, ვარშავის სამიტზე მიღებული ამ გადაწყვეტილების კონტექსტში, მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ალიანსის არაწევრ, პარტნიორ ქვეყნებთან – საქართველოსთან და უკრაინასთან.
„შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის პოლიტიკის შედეგები შავი ზღვის რეგიონში, ვნახეთ ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაციაც. ნატომ გადაწყვიტა, უფრო მტკიცე გაეხადა ის ურთიერთობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მას უკვე გააჩნდა. ეს გადაწყვეტილება ნატოს მანამდეც ჰქონდა მიღებული. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას რეგიონში და შავი ზღვის აკვატორიაში. ვარშავის სამიტზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვმუშაობთ კიდეც ამ მიმართულებით სამხედრო დაგეგმარების ექსპერტებთან.
ნატოს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია, გაგვაჩნდეს მჭიდრო კონტაქტი პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ის, რომ მათთან ვაწარმოოთ დიალოგი იმ თემაზე, რასაც ჰქვია ჩვენი არეალის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.