Foreign Policy :უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპულიზმის ხიბლში ვარდება

ამერიკული გამოცემა Foreign Policy  ოდესის რეგიონში მომხდარი  ეთნიკური დაპირისპირების ფაქტს განიხილავს და  აღნიშნავს, რომ   ბრუტალურ კრიმინალურ მოვლენებზე პროვოკაციული რეაგირებისას მიხეილ სააკაშვილი თავის ბნელ მხარეს ავლენს.

Foreign Policy  წერს, რომ მართალია, სააკაშვილი  გზების დაგებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობითაა დაკავებული, მაგრამ  ბოშებზე განხორციელებული თავდასხმასა და ტრაგიკულ მოვლენებზე მისმა არაცივილურმა და საშიშმა პასუხმა ხალხს გუბერნატორის  განსხვავებული მხარე დაანახა. სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოშებს ანტი-სოციალური ელემენტები უწოდა.

„წინა კვირის შაბათ დღეს, თითქმის ყველა უკრაინელისთვის საზაფხულო არდადეგების მშვიდ პერიოდში, ქვეყნის სამხრეთ პერიფერიის  ოდესის რეგიონში, ეთნიკური სისასტიკის საგანგაშო და უჩვეულო მოზღვავებას  ჰქონდა ადგილი. ამ ინციდენტს არაფერი ჰქონდა საერთო უკრაინელებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის მიმდინარე ომთან. აქ უფრო ძველი და ალბათ მეტად საშიში რამ ხდებოდა. ბოშების მცირე თემს დაერია ხალხი.

სასტიკი მოვლენები 27 აგვისტოს ახალგაზრდა გოგონას გვამის აღმოჩენის შემდეგ განვითარდა. გადმოცემით გოგონა 8-9 წლის იქნებოდა. პოლიციისადმი მიცემული ჩვენებით მკვლელობამდე ის გაუუპატიურებიათ. ერთი დღის შემდეგ 21 წლის ბოშა კაცი ეთნიკური რუსებით და ბულგარელებით დასახლებული სოფ. ლოშჩინივკადან (აქაც ბოშების პატარა თემი ცხოვრობდა) დააკავეს და ერთ საზარელ დანაშაულზე დააკისრეს პასუხისმგებლობა.

ამის საპასუხოდ, წინა კვირის შაბათ საღამოს ახალგაზრდების კრიმინალური დაჯგუფება ანტი-ბოშური განწყობით დაერია ადგილობრივებს. იყო ქვების სროლა, ფანჯრების მსხვრევა, სახლების გადაწვა და ქონების განადგურება. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ბოშები უკვე ტერიტორიას იყვნენ გაცლილი. თუმცა ამ ეპიზოდის ტირაჟირებული ვიდეომასალის საფუძველზე ბევრი უკრაინელი დამკვირვებელი სიტუაციას  სასაკლაოდ მოიხსენიებდა და ეთნიკური შუღლით მოტივირებულ სისასტიკეზე აპელირებდა. ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მოითხოვეს ბოშების დაახლოებით ექვსი ოჯახის (50 სულის) სამუდამო გაძევება, სოფლის საბჭომ ავტობუსები გამოჰყო მათ გასაყვანად. სასტიკი მოვლენების დასრულებისთანავე ოდესის რეგიონის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები და გასამხედროებული კონტიგენტი განათავსა სოფელში მისივე პოლიციის უფროსის პირადი განკარგულებით.

თუმცა, გუბერნატორის რეაქციის მეორე ელემენტმა უფრო მეტად ჩააგდო საგონებელში ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გასვლისთანავე და ოთხშაბათს გოგონას დაკრძალვის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში სააკაშვილმა ისეთი რამ განაცხადა საჯაროდ, რაც ასეთ დაძაბულ პერიოდში აფეთქებას უფრო გავდა.

„სრულად ვიზიარებ ლოშჩინივკას სოფლის მოსახლეობის აღშფოთებას რომ სოფელში „სრული განუკითხაობა იყო, ამორალური ბუნაგი და მასიური ნარკოვაჭრობა ყვაოდა. ბოშები ანტი-სოციალური ელემენტები იყვნენ და ეს პრობლემა ადრევე საფუძვლიანად უნდა აღმოგვეფხვრა. ახლა კი უბრალოდ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დაახლოებით ერთი წლის წინ სააკაშვილის ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშვნას დიდი სიხარულით შეხვდნენ და იმედიც გაჩნდა, რომ საქართველოში ადრე წარმატებით განხორციელებული  რეფორმები აქ ჰპოვებდა გაგრძელებას. გუბერნატორს ხშირად თანამედროვე, პროგრესულ და ჰიპურ პიროვნებადაც კი მიიჩნევენ. 2015 წლის მაისში პოსტ-საბჭოურ სამყაროში დაბრუნებამდე „ნიუ იორკ ტაიმსმა“ მისი საოცარი სტატია-პორტრეტი გამოაქვეყნა და ის ბრუკლინიდან გამოსულ მეამბოხედ დაახასიათა.

მას ყველგან მიიჩნევენ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ჯვაროსნად, რომელიც ცდილობს უკრაინის ევრომაიდანის რევოლუციას ქვეყნის სამხრეთში სასურველი შედეგი მოატანინოს. თუმცა, ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების კედელთან შეჯახებისას შედეგები სხვადასხვაგვარია. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ქვეყნის რეგიონების ჩამოვლაზე და წინა არჩევნებისას გაცრუებული მოლოდინის აღდგენაზე (არც მომხდარა) დროისა და პოლიტიკური  კაპიტალის ფუჭად დახარჯვის შემდეგ სააკაშვილი მთელი მისი ენერგიის კონცენტრაციას ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შექმნაზე ახდენს. მისი პროექტები გულისხმობს რუმინეთამდე ახალი გზატკეცილის დაგებას და ადგილობრივი აეროპორტის მეორე ტერმინალის დიდი ხნის ნანატრი მშენებლობის დასრულებას. თუმცა რეგიონში გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებზე სააკაშვილის არაცივილურმა და საშიშმა პასუხმა მისი ხასიათის განსხვავებული მხარე დაგვანახა ეთნიკური ელფერის მქონე ისტორიულ მეხსიერებაზე. დელიკატურ მომენტში ასეთი პროვოკაციული რიტორიკა დასავლელ რეფორმატორს არ შეშვენის. არც სააკაშვილის მთავრობის ოფიციალური პირების კომენტარები იყო ნაკლები.

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა ნებისმიერმა უკრაინელმა და ოდესელმა იცის, რომ ბოშების თემი ნარკოტიკული ნივთიერებების ვაჭრობას ეწევა.  სოფლის ადგილობრივები ნამდვილად ჩივიან ბოშების გამოჩენის შემდეგ მომატებული კრიმინალური შემთხვევების გამო, თუმცა ამით არანაირი გამართლება აქვს ლინჩის წესით განხორციელებული სისასტიკეს“, – განაცხადა ოდესის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ზურაბ ხვისტანმა.

ხვისტანის განმარტებით, ბოშები არავინ აიძულა სოფელი დაეტოვებინა. მან მათი ნებაყოფლობითი წასვლა იმით ახსნა, რომ უკრაინელ მეზობლებთან თანაცხოვრებას ვერ შეძლებლდნენ  და წასვლა ამ ფაქტის აღიარება იყოო. ხვისტანმა არც კი ახსენა სად მოხდა ბოშათა ოჯახების გადაყვანა.

ამასობაში, ბოშების ეთნიკური ორგანიზაციებმა არსენ ავაკოვის უწყებაში (უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში) სარჩელი შეიტანეს. ავაკოვი სააკაშვილის მწვავე ოპონენტია. სარჩელში დაგმობილია სისასტიკე და ნათქვამია, რომ სახელმწიფოს არ ძალუძს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ბოშების დაცვა და  ამით ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფაზე ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას.

ამაზე ცუდ დროს როდის შეიძლებოდა ამ ინციდენტის მოხდენა. 2017 წლის ევროვიზიის მასპინძელი ქალაქების კანდიდატთა სიაში ხომ ოდესას მოაზრებენ. ის ამ ტიტულს კიევსა და დნიპროს ეცილება. მასპინძელი ქალაქის შესარჩევი კონკურსის შედეგები მომდევნო რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. ამ მასშტაბის საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიების გავლენა ქალაქის მომავალ სახეზე   იმდენად დიდი იქნება, რომ ბოშა გოგოს მკვლელობის მეორე დღეს სააკაშვილი და მისი გადამტერებული ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი (რომელიც გუბერნატორს ბევრჯერ ჰყავს „შემკული“ სეპარატისტად, ბანდიტად და ქურდად) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოჩნდნენ და ევროვიზიის მასპინძლობის მხარდამჭერი ფრაზები გააჟღერეს. ბოლო  15 თვის მანძილზე პირველად მოხდა ამ ორი მოსისხლე მტრის საჯარო სივრცეში გვერდიგვერდ გამოჩენა, თუმცა ოდესის ელიტას ბევრჯერ ჰყავს ისინი ნანახი ბანკეტებზე და საჯარო თავშეყრის ადგილებზე, თუმცა დარბაზის სხვადასხვა მხარეს. მათი ვითომდა დაზავება იმაზე მეტყველებს, რომ ევროვიზიით მოტანილი დიდების დაკარგვის შიში ძალიან დიდია ამ სისასტიკის გამო. თან განზრახული რეფორმების ნელი ტემპით გამოწვეული იმედგაცრუებაც გახდა სააკაშვილის მკვეთრად პოპულისტური ტონის მიზეზი. ეს ინციდენტი შეიძლება ფრაგმენტული იყოს, თუმცა ის ცხადყოფს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონის სოციალური მექანიზმები შედარებით სუსტია. სააკაშვილის რეაქცია არასასურველ ელფერს სძენს გუბერნატორს, არადა ბევრს ეგონა ეს კაცი ოდესას სასიკეთოდ გამოადგებოდა. ახლა ეს განსაკუთრებით დასაფიქრებელი ფაქტია, რადგან მომდევნო წლებში სააკაშვილი ერთადერთ ძალად მიიჩნევა რეგიონში რაიმე სახის გააზრებული რეფორმების  განსახორციელებლად“, – აღნიშნულია სტატიაში.

https://foreignpolicy.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები