კახა კალაძე: ქვესადგური ”ქსანი” კიდევ ერთი ნაბიჯია საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ

„ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონული თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქსანში, ქვესადგურ „ქსანის“ რეაბილიტაციის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვესადგური ”ქსანი” კიდევ ერთი ნაბიჯია საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ,ენერგოდამოუკიდებლობისკენ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვესადგურ ”ქსანის” რეაბილიტაცია ელექტოენერგიის გადაცემის რეგიონული ქსელის გაფართოების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
”დღეს კიდევ ერთი დიდი დღეა საქართველოს ენერგეტიკის დიდ გზაზე. ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ, ენერგოდამოუკიდებლობისკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი- ეს ხომ საწინდარია საქართველოს კეთილდღეობის, საქართველოს განვითარებული ეკონომიკისა და იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგა, ძლიერი და მნიშვნელოვანი.
ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებასა და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონული თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე. სწორედ ელექტოენერგიის გადაცემის რეგიონული ქსელის გაფართოების პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქვესადგურ ”ქსანის” რეაბილიტაცია, რომელიც 10 მილიონი ევრო დაჯდა. ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ენეგრეტიკა განვითარდეს, წინ წავიდეს, რადგან წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებული.
ყველა ის პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, გვაძლევს საშუალებას, რომ ქვეყანაში შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ ქვეყანა იყოს ენერგეტიკულად სტაბილური, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ ის რესურსები, რომელიც ჩვენს სამშობლოს გააჩნია, გამოვიყენოთ რაციონალურად, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, ასევე აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც ეს პროექტი დააფინანსა.
„ მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას, ვინც ენერგეტიკაში მნიშვნელოვნად გვეხმარება, რომ ეს პროექტები იქნას განხორციელებული. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზი გამო- იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები