რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-მდე შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%-მდე შემცირების შესახებ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის 2016 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი.
პროგნოზის შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალო ვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდება.
“აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 0.9 პროცენტამდე შემცირდა, რაც შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საბაზო ეფექტის ამოწურვას. სუსტი ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციაზე ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება. ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებას და შედეგად ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა და ფისკალური სტიმული. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები