საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი განიხილეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან კრისტა მარკვალდერთან, რომელიც საქართველოში 2016 წლის 6-7 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციას შორის აქტიური თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას, საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას. „ჩვენ ახალ დონეზე გადავიყვანეთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ქვეყნებს შორის მოქმედებს საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, იყოს სანდო პარტნიორი ინვესტიციების და საკუთრების დაცვის სფეროში შვეიცარიის მხრიდან შემოდის მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით. ასევე ვავითარებთ ექსპორტს შვეიცარიის ბაზარზე”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. კრისტა მარკვალდერმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული ხელშეკრულება საგრძნობლად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას, როგორც შვეიცარიასთან, ისე ხელშეკრულების სხვა მხარეებთან. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები