მაკა ჩხაიძის წიგნი ,,ცხოვრება წმიდისა ნინოისი"
23 იანვარს,19 საათზე სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში მაკა ჩხაიძის წიგნის ,,ცხოვრება წმიდისა ნინოისი” წადგინება მოხდება. წიგნი წმიდანის ცხოვრების ხუთ სხვადასხვა უძველეს წერილობით წყაროს ეფუძნება: ,,მოქცევაი ქართლისაის”რედაქციები, ლეონტი მროველის ,,ცხოვრება მეფეთა”, არსენ იყალთოელის ,,წმიდა ნინოს ცხოვრება”, უცნობი ავტორის ,,წმიდა ნინოს ცხოვრება”, ნიკოლოზ გულაბერისძის ,,საკითხავი სვეტისა ცხოველისა” და მათ შეჯერებულ და გაერთიანებულ ვერსიას წარმოადგენს.
წიგნში წმინდა ნინოსთან და ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა თანამიმდევრულად და უკლებლივაა გადმოცემული, რათა სრულიად წარმოჩენილიყო და თანამედროვე ქართველთათვის უფრო ახლობელი, საყვარელი და მნიშვნელოვანი გამხდარიყო განმანათლებელი ქალწულის ცხოვრება, ღვაწლი და მისია ქართველი ერის წინაშე. წიგნს დართული აქვს ვრცელი შენიშვნები და განმარტებები, უხვადაა ილუსტრილებული ავტორის მიერ და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის. ავტორისა და გამომცემლების აზრით: წიგნის გამოცემით ჩვენ აღვასრულებთ წმინდა ნინოს ანდერძს ქართველთადმი: ,,დაიცევით მტკიცედ მართალი სარწმუნოება ქრისტიანობისა და ბეჭედი წმიდისა ნათლისღებისა. ყოველთა ერთა თქვენთა შემოდგომითი-შემოდგომად მიუთრობდით აღსრულებულთა სასწაულთა საკვირველთა და დიდებულებასა ღმრთისასა,რომელნი იხილნეთ, რათა დღითი-დღეთ განმრავლდებოდის და განძლიერდებოდის სამწყსო ქრისტესი”.