შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გალაკონცერტით დასრულდა

 

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი შეკვეთილში გალაკონცერტით დასრულდა. 4 ქვეყანის 24 ანსამბლს და 400-მდე მონაწილეს შეკვეთილში Bleack Sea Arena-მ უმასპინძლა.
კონცერტი ორი ნაწილისგან შედგებოდა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. მასში მონაწილეთა უმრავლესობას ქართული ნაციონალური ანსამბლები წარმოადგენდნენ: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „ლაგუშედა“, „ფესვები“, „მარეთი“, უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“.
14218037_1806691846235242_749064899_nასევე, ფესტივალში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები იტალიიდან, შვეიცარიიდან და თურქეთიდან. საღამომზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი, რომელიც მსმენელების წინაშე საკუთარი პროგრამით წარდგა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის თქმით, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი ტრადიციული გახდება.
„დასაწყისისთვის ძალიან კარგია. აღნიშნული ფესტივალი შემდგომ წლებში უფრო მრავალფეროვანი იქნება და მას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ესტუმრება. ეს სფერო ქართველებისთვის უფრო პოპულარული გახდება. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. ეს ფესტივალი მშვენივრად დაიწყო და მშვენივრად დამთავრდა. ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას დიდი მომავალი აქვს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. მსგავსი ტიპის ფესტივალები პირდაპირ მოქმედებს ანსამბლების საშემსრულებლო დონეზე და მათ სტიმული ეძლევათ. რაც შეეხება მსმენელებს, თქვენ მოისმინეთ რა ოვაციები მოჰყვა თითოეულ ნომერს, სოლისტს, უხუცეს მოცეკვავეებს. ეს, იცით, რამხელა სტიმულია?!”, – აღნიშნა გიორგი დონაძემ გალაკონცერტის დასრულების შემდეგ.

14256261_1806691842901909_1304519789_n„მიხარია ის, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფეტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე – ეს უკვე დიდი შედეგია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა შანსი, გახდეს პლატფორმა საერთაშორისო დიდი ფესტივალებისა,“ – განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურიამ უმასპინძლა. ღონისძიებები 1, 2 და 3 სექტემბერს ოზურგეთსა და შეკვეთილში გაიმართა. ფესტივალი წელს პირველად Chek in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. პირველ და ორ სექტემბერს ქართულ და უცხოურ ანსამბლებს ოზურგეთმა უმასპინძლა. გალაკონცერტი კი Bleack Sea Arena-ზე მოეწყო. დიდ ქართულ სცენაზე 4 ქვეყნიდან, 24-მა ანსამბლმა და 400-მდე მონაწილემ ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშები წარმოგვიდგინეს.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და Bleack Sea Arena-ს მხარდაჭერით გაიმართა.
“საინიციატივო ჯგუფის იდეა იყო, ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გვექცია და მასზე ზრუნვა დავიწყეთ. სულ მალე გაიხსნება 4-სართულიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა, რომელიც  დასავლეთ რეგიონის ცენტრი იქნება. ნებისმიერ მსურველს, თავისუფალ დროს, შესაძლებელობა ექნება, შეისწავლოს გურული სიმღერები. გარდა ამისა, შევქმენით ტურისტული მარშრუტები რეგიონში, ამით ხელს შევუწყობთ ფოლკტურიზმის განვითარებას. ჩვენი გურული ფოლკლორი უნიკალურია. საერთაშორისო ფესტივალი კი იქნება პირველი ნაბიჯი ამ ჩვენი იდეის განხორციელებისა,“ – განმარტა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ავთანდილ სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები