ბათუმში ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების წარდგინება გაიმართება

8 სექტემბერს, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” (მემედ აბაშიძის N60) ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების წარდგინება გაიმართება.
კვლევის შედეგებზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა ისაუბრებენ.
კვლევა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანიზაციამ „ეისითი“ ჩაატარა. ეს პირველი სრულფასოვანი კვლევაა 2012 წლის შემდეგ. 2013-2015 წლებში, წიგნის სექტორში არსებული ვითარების სრული შესწავლის მიზნით, გამოიკითხნენ როგორც გამომცემლობები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები, ასევე ელექტრონული წიგნების მაღაზიები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები და მკითხველი. მასში მონაწილეობა მიიღო 34 გამომცემელმა, 700 მკითხველმა. კვლევის არეალი მოიცავდა ქვეყნის დიდ ქალაქებს – თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და თელავს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, კვლევის შედეგების წარდგინება კვლევაში მონაწილე ყველა ქალაქში გაიმართება. აღნიშნული პრეზენტაციები იქნება საუკეთესო საშუალება ცენტრის საქმიანობის შესახებ რეგიონების, წიგნის სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებისა და ცენტრის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში მათი ჩართვისთვის.
კვლევის მიზანია, წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღებით, წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება, სუსტი მხარეების გამოვლენა და პრობლემების დადგენა, ანალიზის საფუძველზე კი კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარებისა და მკითხველთა ბაზის გაფართოების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები