სოსო შატბერაშვილი: ნათელაშვილი ცხვრის ტყავში გახვეული მგელია და იმიტომაც კიკინებს უცოდველი კრავივით

“ნათელაშვილი ცხვრის ტყავში გახვეული მგელია და იმიტომაც კიკინებს უცოდველი კრავივით”, – ამის შესახებ შალვა ნათელაშვილის ყოფილი თანაგუნდელი, “მემარცხენე ალიანსის„ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
შატბერაშვილი წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებასა და საკუთარი პარტიის შანსებზე საუბრობს.
„განწყობა საბრძოლოა. ერთი ეგაა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ამ საარჩევნო მარათონში ფული არ გვაქვს და კონკურენტები, შეიძლება ითქვას, ათი კილომეტრით არიან წინ. სხვადასხვა პარტიებს ზურგს მილიონები უმაგრებთ და ამიტომ არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ნაირ-ნაირ რეკლამებს ამზადებენ, ატრიალებენ. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად გვაქვს.“მილიონერ პარტიაში“, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისმობ, რომელსაც ანგარიშებზე მილიონები კი არა, მილიარდები აქვს. რაც ხალხს ფული წაღლიტეს, მთლიანად იმისთვის იყენებენ, რომ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და უფრო მეტი წაღლიტონ. ბურჭულაძის პარტია, „გირჩი“, ვაშაძე და მისი პარტია- ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები არიან, მაგრამ იმდენი აქვთ ნაძარცვი, ფული ყველას ჰყოფნის. პარალელურად, ფულთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილ პარტიებს ზურგს ის ბინძური წარსული უმარგებთ, რომელიც აქვთ და იმის მიუხედავად, რომ მილიონებს დახარჯავენ, წარმატების დიდი შანსი არ ექნებათ“, -აცხადებს სოსო შატბერაშვილი.
შატბერაშვილი “ლეიბორისტური პარტიის“ დატოვების მიზეზებსაც ასახელებს. მისი თქმით, პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ფულის შოვნაზე“ გადავიდა, რაც შატბერაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
“არც ერთი ჩემი თანაგუნდელი და არც მე არასდროს არ ვმალავთ და არ ვნანობთ, რომ „ლეიბორისტულ პარტიაში“ ვიყავით. მარტო ის რად ღირს, რომ 2003 წელს მოვახერხეთ და თბილისის საკრებულოში შევიტანეთ და გავიტანეთ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სასწრაფო დახმარება გახდა უფასო. შემდეგ ეს იდეა ისე მოეწონა სააკაშვილს, რომ აიტაცა და მთელი საქართველოს მასშტაბით სასწრაფო- სამედიცინო მომსახურება უფასო გახადა, თუმცა ინიციატივა და იდეა ჩვენი იყო. ჩვენ მართლა შიშველი ხელებით ვებრძოდით “ნაციონალებს“, მაგრამ შემდეგ, როცა პარტიის ლიდერმა ჩვენს ზურგს უკან გარკვეული მოქმედებები დაიწყო, გავემიჯნეთ, რბილად რომ ვთქვათ, ფულის შოვნაზე გადავიდა და გაყიდა ყველა და ყველაფერი, ნამუსის ჩათვლით. მას “ნაციონალების„ დარად, მილიონები აქვს ანგარიშზე, მის მეუღლეს ავსტრიაში, ვენის ბანკში აქვს გახსნილი ანაბარი და იქ აგროვებს ფულს. ბოლოს შალვა პარტიის ფულის ჭამაზე გადავიდა, ამაში ვამხილეთ და პარტია დავტოვეთ.
ნათელაშვილი რომ ამბობს, არჩევნებიდან არჩევნებამდე ხმელი პურით და ყველით გავდივარო, იტყუება. პარტიის წევრებს მართლა ყველი და პური აქვთ სახრავად და შალვა ხიზილალას არ იკლებს. ხუთმილიონიანი სასახლე წამოჭიმა მამაპაპისეულ ნასახლარზე და ვინმე მეტყვის, საიდან?! ცხვრის ტყავში გახვეული მგელია ნათელაშვილი და იმიტომაც კიკინებს უცოდველი კრავივით, მეტსაც გეტყვით: 1989 წლის 9 აპრილს, როცა საბჭოთა ნომენკლატურამ ვერ ნახა ვერც ერთი ქართველი, ვინც მაშინ ქართველებზე აუგს იტყოდა, იპოვეს ნათელაშვილი, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, პროგრამა „ვრემიაში“ გააკეთა განცხადება, რომ 9 აპრილს თბილისში შეკრებილი იყო ბრბო, რომელიც შემდეგ დაიშალა და ერთმანეთის ჭყლეტაში დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. გესმით თქვენ? ამის შემდეგ შალვა მოსკოვში, დიპლომატიის აკადემიაში წაიყვანეს, რათა იქ დაემთავრებინა სასწავლებელი და უშიშროების მიერ ხელდასმული წარმატებული დიპლომატი გამხდარიყო დიად საბჭოეთში, თუმცა არ დასცალდათ. ან როგორ დასცალდებოდათ, როცა შალვა ქართულადაც ძლივს ლაპარაკობს, უცხო ენები საერთოდ არ იცის, მიშასგან განსხვავებით, რომელიც ასევე უშიშროებამ კიევში წაიყვანა, მაგრამ რუსული უშიშროების მიმართ შალვას მეტი დამსახურება ჰქონდა და მას უკრაინა არ აკადრეს, პირდაპირ მოსკოვში წააბრძანეს“, -აცხადებს შატბერაშვილი.
კითხვაზე თუ რა სახსრებით აპირებს “მემარცხენე ალიანსი“ არჩევნებში მონაწილეობას, შატბერაშვილი პასუხობს,რომ პარტიას მცირე შემოწირულობები აქვს.
– მცირე შემოწირულობებით, რაც გვაქვს, შიშველი ხელებით და იმ ენთუზიაზმით, რომელიც პარტიაშია.
– და როგორ ფიქრობთ, საარჩევნო ბარიერს გადალახავთ?
– ჩვენ ახალი შექმნილი პარტია ვართ და ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბარიერს დავძლევთ. პარლამენტში 6-7 კაცს შევიყვანთ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლს გავუშრობთ. იმიტომ არის აუცილებელი „მემარცხენე ალიანსის“ მოხვედრა პარლამენტში, რომ „ნაციონალებს“ ხმა არ ამოვაღებინოთ და პოლიტიკური ოპონირება გავუწიოთ. ჩვენ წარმატების გვჯერა“, -აღნიშნავს შატბერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები