ბინა, რომელშიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები იპოვეს, გაიყიდა

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები იპოვეს, გაიყიდა.
გამოცემის ცნობით, ბინის მეპატრონე ეკა კიკიანი სახლს ჯერ კიდევ 2 წლის წინ ყიდდა. განცხადება ბინის გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნებული ჰქონდა “სიტყვა და საქმის“ 2014 წლის 1 და 5 მაისის ნომრებში.
„სიტყვა და საქმეში“ განთავსებულ ჩვეულებრივ განაცხადებში ეწერა: „2-ოთახიანი , 1 სართ, გარემონტებული, რკინის კარით, გისოსებით, ლოჯით, გოგირდის ცხელი წყლით, აბაზანა-ტუალეტი კაფელ-მეტლახში, საბურთალოს ქუჩაზე, ეკლესიასთან. ფასი 57 000 დოლარი“ . ბოლოში, ტრადიციულად, მითითებული იყო ბინის მესაკუთრის მობილური ტელეფონის ნომერი.
ზუსტად 11 წლის წინ ამ ბინაში, ოფიციალური ვერსიით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვი მხუთავი გზით გაგუდულები ნახეს. 11 წლის შემდეგ, 2016 წლის მაისში მეპატრონე ეკა კიკიანმა ბინა გაყიდა. მანადმე კი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „გადაწყვეტილი მაქვს ამ ბინის გაყიდვა, განცხადება „სიტყვა და საქმეში“ გამოვაქვეყნე, თუ სწორად მახსოვს, ფასიც მითითებული მქონდა – 55 ათსი დოლარი. მაინტერესებდა, რეალურად, ეს ბინა ამ ფასში გაიყიდებოდა თუ არა. ტელეფონზე ბევრი დამიკავშირდა, მსურველები არიან, მაგრამ კონკრეტული მყიდველი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.“
ბინა 2008 წლამდე დალუქული იყო, შემდეგ ეკა კიკიანმა ორჯერ გააკეთა რემონტი სამჯერ აკურთხებინა და საცხოვრებლად შევიდა. „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ინტერნეტით გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც იატაკზე გულაღმა მწოლიარე ჟვანიას და უსუპოვის ცხედრები ჩანდა, კიკიანმა აღნიშნა:
„აქამდე მშვიდად ვიყავი, მაგრამ რაც კადრები გავრცელდა ინტერნეტით, საშინელი დისკომფორტი დამეწყო. მაგიდა, სავარძლები და თეფშები, რომლებიც ფოტოზეა ჩემია. ნარდი ჩემი არ არის, ალბათ თვითონ მოიტანეს. ჩემი ხუთი წლის შვილი ოთახში მარტო არ შედის, იმ ადგილს ახტება, სადაც ცხედრები ესვენა. ძილის წინ მეკითხება: დედა, ჟვანია ხომ არ მოვა, რატომ მოკვდაო? მე კი ვეუბნები, დაბერდა და გარდაიცვალა-მეთქი. ამ კადრების შემდეგ ძალიან დავითრგუნე…“
ეკა კიკიანმა ბინის გაყიდვის გადაწყვეტილება იმ მიზეზითაც ახსნა, რომ მაღალ სართულზე უნდოდა ცხოვრება. მისივე თქმით, ბინის დათვალიერების შემდეგ ზოგიერთს, ვისაც მისი ყიდვა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, სინანულიც კი გამოუთქვამს, ნეტავ ეს ამბავი ჩემს სახლში მომხდარიყოო. ეკა კიკიანი გაკვირებული იყო, ვერ ვხვდები, ამას რატომ ამბობენო.
შეგახსენებთ: ამ ბინის ოდისეა 11 წლის წინ დაიწყო, როდესაც 2004 წლის 6-7 დეკემბრის „სიტყვა და საქმეში“ ეკა კიკიანმა მის გაქირავებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ბინა ზურაბ ჟვანიას დაცვის, მიხეილ ძაძამიამ დაიქირავა მეგობარ ქალბატონთან, ეკა კოპაძესთან შეხვედრებისთვის. არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ეკა კაკიანს ამ ბინის გაქირავებაში ვასილ მაღლაფერიძე დაეხმარა. ბინა გაქირავებული იყო მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ტრაგედია მოხდა.
ამ წლების განამვლობაში, საბურთალოს ქუჩასაც სახელწოდება შეუცვალეს და ახლა ის სულხან ცინცაძის ქუჩაა, ეს სახლი კი საბურთალოს 53ა-ს ნაცვლად, სულხან ცინცაძის N 77-ია.
კიკიანის ბინის მყიდველიც გამოჩნდა. ბინა შეიძინა სოფელ დიღმის მკვიდრმა ლოლა სოზიაშვილმა“, – წერს “ასავალ- დასავალი“.
გამოცემა ლოლა სოზიაშვილსაც დაუკავშირდა, კითხვით იცოდა თუ არა მან ბინაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ,თუმცა სოზიაშვილმა თემაზე საუბარი არ ისურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები