„მუსიკის შექმნის დროს მხოლოდ შავ ფერს აღვიქვამ, ამ დროს მეც არ ვიცი, რა ხდება ჩემ ირგვლივ“…

პირველი მუსიკალური ნაწარმოები 12 წლის ასაკში დაწერა. უკვე საკმაოდ კარგად ფლობდა ფორტეპიანოს. 23 წლის ასაკში  უკვე 32 კლასიკური ნაწარმოების ავტორია. ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად, ნიჭთან და შრომისმოყვარეობასთან ერთად, აუცილებელია მიზანდასახულობა. ამბობს, რომ მისი ყოველი ნაწარმოები რაიმე ისტორიას, ტკივილს და მონატრებას უკავშირდება… ოღონდ გაათმაგებული ფანტაზიის უნარით, – ნიკოლოზ ადამიას პერსონა.

– დავიბადე სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში 1993 წლის 15 მარტს. მყავს დედ-მამა და უფროსი ძმა. მამა მისდევს სოფლის მეურნეობას, დედა იტალიის ქალაქ მილანშია, ამჟამადაც – ემიგრაციაში.  გარკვეული მიზეზების გამო ბავშვობის წლები ბებიასთან და ბაბუასთან გავატარე, რადგან დედა საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ. შეძლებისდაგვარად, ჩამოდის და ვნახულობთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, არც ისე დალხენილი ბავშვობა მქონდა, მაგრამ მაინც, რომ ვიხსენებ იმ წლებს, ყველაფერი ტკბილ მოგონებებად დარჩა მეხსიერებაში…

12973087_1786482328238732_8471811089578676493_o– რამ განაპირობა მუსიკის სიყვარული? ბავშვობაშიც ხომ არ დაგიწერიათ მუსიკალური ნაწარმოები?
– 5 წლის ასაკში დედამ აღმოაჩინა ჩემი მუსიკალური მონაცემები.  ვთვლი, რომ ეს ნიჭი ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია.12 წლის ვიყავი, როცა დავწერე პირველი კლასიკური ნაწარმოები. ამ ასაკში უკვე საკმაოდ კარგად ვფლობდი ფორტეპიანოს. ამავდროულად, დავამთავრე სოფელში მუსიკალური სკოლის 7-წლედი..
– ვინ მოახდინა გავლენა თქვენს არჩევანზე, მუსიკას რომ გაჰყოლოდით?
– თავიდან მამამ შემიყვანა გიტარის გაკვეთილებზე, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც მაკლდა და მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი მოწოდება. ამის შემდეგ ჩემი ინიციატივით შევედი ფორტეპიანოზე. ასე რომ, არავისი გავლენა არ იკვეთება, საკუთარი თავის გარდა…
– თქვენ კონსერვატორიაშიც სწავლობდით? რა მოგცათ ამ წლებმა?
-კონსერვატორიაში ჩავაბარე ვოკალის განხრით, ვარ ბარიტონი… ეს იყო უნიკალური წლები, ყველაზე კარგი პერიოდი, რამაც დიდი გამოცდილება მიმაღებინა. მქონდა კონცერტები ფორტეპიანოს თანხლებით, ასევე ორკესტრთან ერთად. ნამდვილად კარგი პედაგოგები მყავდნენ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პროფესიულ აღზრდაში. ესენი არიან: ეთერ წიკლაური, ანზორ აღლაძე და კონცერტმეისტერი ირინა აღლაძე.
– თქვენ პიანისტი და კომპოზიტორი ხართ, თავად ნიკა ადამია რომელს ანიჭებს უპირატესობას და რატომ?

14159122_1844216642465300_719757376_n– რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან მე ვარ კომპოზიტორი. კომპოზიტორობას ვანიჭებ უპირატესობას, მე ვწერ კლასიკურ ნაწარმოებებს და ამჟამად დაწერილი მაქვს 32 კლასიკური ნაწარმოები. მათ შორის -13 ნოქტიურნი, 4 საცეკვაო ვალსი, მათგან „ჯამბაზის ვალსი“ გამორჩეულად მიყვარს. 6 პრელუდია, დამოუკიდებელი მუსიკალური პიესა, უპირატესად ფორტეპიანოსათვის; 2 სონატა და 3 სონატინა. 1 ეტიუდი და 2 სიმფონია, და ბოლო ნაწარმოები „წვიმა”, რომლის კლიპსაც სულ მალე ვიხილავთ. კლიპის გადაღება დასრულდა და მონტაჟი მიმდინარეობს. ეს მუსიკა გაჟღერდება ფორტეპიანოსა და ვიოლინოს თანხლებით. მევიოლინე – ელისაბედ შაქარაშვილი.
– კინოთეატრ ამირანში“დინო გეთიაშვილის ქართული მხატვრული ფილმის პირველი დღე განთიადის გარეშე პრემიერა გაიმართა, რომლის კომპოზიტორიც თქვენ ხართ.  ფილმი რეჟისორზეა, თუ რა მსხვერპლი შეიძლება გაიღოს მან თავისი საქმისთვის…
– როგორ დაიწერა მუსიკა ამ ფილმისთვის? რაიმე საინტერესო ამბავი ხომ არ აქვს წინაისტორიად?
– კინორეჟისორმა დინო გეთიაშვილმა შემომთავაზა, ვყოფილიყავი მისი ფილმის კომპოზიტორი. დავთახმდი მის შემოთავაზებას და ამის შემდეგ, როცა ვნახე ფილმის კადრები, რეჟისორის ცხოვრება, რომელიც, მიუხედავად გაჭირვებისა, მაინც იბრძვის თავის მიზნების განსახორციელებლად… ამ კადრებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, თითქოს ჩემი თავი წარმოვიდგინე… არ ვიცი, რატომ დამეუფლა ეს გრძნობა… ყველანაირად შევიგრძენი ეს არაჩვეულებრივი კადრები. ამის შემდეგ დავწერე მუსიკა, რომელიც ამ ფილმს ახლავს.

14172024_1844220712464893_1979529535_n– სექტემბერში გამოვა რეჟისორ ნიკო ბაღაშვილის ფილმი „მტკვრის სონატა“, რომელიც ასევე თქვენი მუსიკით იქნება გაფორმებული… აკი ნიკო ბაღაშვილმა თავადვე განაცხადა: მე ამ ახალგაზრდა კაცის – ნიკა ადამიას მუსიკით მომეცა შთაგონება და ახალი ფილმის გადაღების წყურვილიო… სად მიმდინარეობს გადაღებები და რაზეა ფილმი?
– შემოდგომაზე იგეგმება ფილმის ”მტკვრის სონატა ”პრემიერა. მოხარული ვარ, რომ ვიქნები უკვე მე-2 ფილმის კომპოზიტორი. ეს ფილმი არის ასაკოვანი ქალბატონის ცხოვრებაზე, რომელსაც შეუყვარდება მასზე ასაკით ბევრად უმცროსი მამაკაცი… გადაღებები მიმდინარეობს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში.
– თქვენ ხშირად ქმნით მიძღვნით მუსიკალურ ნაწარმოებებს.  ჯერ ბებიას სიყვარულმა დაგაწერინათ მუსიკა, შემდეგ დედას „სონატინა“ მიუძღვენით… რომელ მუსიკას გამოყოფდით მიძღვნითი ნაწარმოებებიდან? რაიმე საინტერესო ისტორიას ხომ არ უკავშირდება რომელიმე მუსიკის დაწერა?
– ჩემი ნებისმიერი ნაწარმოები ყოველთვის უკავშირდება რაიმე ისტორიას, ტკივილს და მონატრებას, ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში და მისმა გარდაცვალებამ მოუშუშებელი ტკივილი დამიტოვა. სწორედ ამ ტკივილმა მომცა შთაგონება, მიმეძღვნა  მისთვის მუსიკა. ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია… რაც შეეხება დედას, მისმა სიყვარულმა და უსაზღვრო მონატრებამ დმაწერინა ”სონატინა”.
– როგორ ფიქრობთ, რა აქვს საერთო მუსიკას პოეზიასთან? ლექსის შთაგონებით თუ დაწერილა მუსიკა?
– რა თქმა უნდა, პოეზიასა და მუსიკას შორის საერთო რამ ნამდვილად არის… არ გამოვრიცხავ, რომ ლექსის შთაგონებით დაიწეროს რაიმე მუსიკა. ძალიან ბევრი მუსიკა დაწერილა ასე…  მაგრამ მე, ჯერჯერობით, არ დამიწერია.

14171981_1844220659131565_1843854250_n

– თქვენ როგორ წერთ მუსიკას?
– მე ვწერ მუზით და ვფიქრობ, ეს არის გაათმაგებული ფანტაზიის უნარი, რომელიც ჩემში სახლობს, ასევე საინტერესო ისტორიას გავიხსენებ, რომელიც ჩემს ნაწარმოებს „ჯამბაზის ვალსს“ უკავშირდება. ერთი წლის წინ, ზამთარში, მარჯანიშვილზე, გზაზე შემომეფეთა ჯამბაზის ფორმაში გამოწყობილი კაცი, რომელიც უფრო და უფრო მოიწევდა ჩემკენ, ხმას არ იღებდა, თუმცა ძალიან საყვარელი იყო. რატომღაც სურვილი გამიჩნდა, დამეწერა მუსიკა. წამოვედი სახლში და დავწერე კიდეც, ასე შეიქმნა ეს ნაწარმოები, რომელიც გამორჩეულად მიყვარს. ასევე მრავალჯერ მომსვლია მუზა დედის მონატრებაზე, თუნდაც ცხოვრებისეულ განცდილ ტკივილზე.
– რა არის ხელოვანისთვის წარმატების საწინდარი – ნიჭი, შრომისმოყვარეობა თუ იღბალი?
– ჩემთვის წარმატების საწინდარი სწორედაც რომ არის ნიჭი, შრომისმოყვარეობა და იღბალი… მაგრამ ერთ რამეს დავამატებ – მიზანდასახულობას, რომელიც ყველა ადამიანს ესაჭიროება, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს… ჩემს შემთხვევაში ასეა. ვარ მიზანდასახული და შრომისმოყვარე. არ ვფლანგავ ფუჭად დროს და ენერგიას, ყოველთვის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები.
– ამ ბოლო დროს საგრძნობია საზოგადოების გატაცება უგემოვნო მუსიკით, ლექსით, მხატვრობით… მეთანხმებით თუ არა და რატომ ხდება ეს? რისი ბრალია?
– გეთანხმებით, რადგან ნამდვილად ასეა. ვერ ვიტყვი, რომ ეს გატაცებაა მათი მხრიდან. ვფიქრობ, ეს განაპირობებს იმას, რომ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ჭეშმარიტ ხელოვნებასთან. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, უგემოვნო მუსიკა, ან ლექსი შეიძლება ვიღაცისთვის საუკეთესო იყოს, რადგან მათ არ შესწევთ იმის უნარი, აღიქვან კარგი და ცუდი. ეს ნამდვილად სირცხვილია.
-კონკრეტულად ვინ, ან არის თქვენი შთაგონების საგანი…
– შთაგონების საგანი ფორტეპიანოა… რადგან ეს ინსტრუმენტი შინაგანად მავსებს და მაძლიერებს…
-თქვენი საყვარელი კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი?
– კომპოზიტორი ფრედერიკ შოპენი, მხატვარი ლადო გუდიაშვილი. მწერალი ილია ჭავჭავაძე.
– თქვენი საყვარელი ფერი, ხედავთ თუ არა ფერებს მუსიკის შექმნისას?
– საყვარელი ფერია – შავი. მუსიკის შექმნის დროსაც მხოლოდ შავ ფერს აღვიქვამ, რომელიც არაბუნებრივია. ამ დროს მეც არ ვიცი, რა ხდება ჩემ ირგვლივ… დამიჯერეთ, ეს საოცარი გრძნობაა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ…
– გვიამბეთ ნიკა ადამიას ერთ ჩვეულებრივ დღეზე…

14159738_1844219375798360_980982818_n– მიყვარს ადრე გაღვიძება და წიწვნარში სეირნობა… მაგრამ ამის საშულაება იშვიათად თუ მეძლევა, რადგან დროის გამო შეზღუდული ვარ… მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, თითქმის ყოველი დღე ჩვეულებრივია, საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ფორტეპიანოსთან, რაც  ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა…
– თქვენ არა მხოლოდ მეგობრების საღამოებში მონაწილეობთ, არამედ საქველმოქმედო საღამოებზეც ხშირად გაისმის თქვენი გვარი… რას ნიშნავს თქვენთვის ქველმოქმედება? ფიქრობთ, რომ დღეს საზოგადოებამ თანადგომის უნარი დაკარგა?
-კარგი კითხვაა… დიახ, მე არაერთხელ ვყოფილვარ საქველმოქმედო ღონისძიების თანამონაწილე. ქველმოქმედება ჩემთვის ნიშნავს ერთ მნიშვნელოვან კეთილ საქმეს და აუცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა. მომხრე ვარ, ხშირად იმართებოდეს საქველმოქმედო საღამოები, რათა გაჭირვებულ ადამიანებს გავუწიოთ თანადგომა.რაც შეეხება საზოგადოებას, მეტი სითბო და ყურადღება ესაჭიროება ერთმანეთის მიმართ.
– ხელოვანის ბედი დღევანდელ საქართველოში
– ვფიქრობ, ხელოვანის ბედი დღევანდელ ცხოვრებაში წარმტაცი არ არის. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ერთი მხრივ, ძალიან მარტივია და, ამავდროულად – ძალიან რთულიც. ჩემი აზრით, ხელოვნება ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ხელოვანი ვერ გახდები, თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ დაგყვა ამის ნიჭი,  თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება.
ჩემი აზრით, ხელოვნება სწორედაც რომ მეოცნებეების ფენომენია და ისინი ქმნიან ნამდვილ, საღ ხელოვნებას. ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანის ინტელექტს ამაღლებს, აძლიერებს, სულიერად ასაზრდოებს.
მუსიკა საზოგადოებაში დიდ როლს ასრულებს და ამიტომ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს. მე, სამწუხაროდ, საქართველოში ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ.
– ბეთჰოვენი წერდა:  „მუსიკა ადამიანის გულიდან ცეცხლს უნდა გამოკვეთდეს“… ეთანხმებით?
– დიახ, ვეთანხმები ბეთჰოვენის მოსაზრებას… ჩემთვის მუსიკა სიცოცხლის წყაროა, ურომლისოდაც არსებობა შეუძლებელია.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები